მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » ვეტერანთა მეორე სუნთქვა + ვიდეო
5:58 PM
ვეტერანთა მეორე სუნთქვა + ვიდეო

27 გოლი გაიტანა "უდინეზეს" ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ ბოლო 27 საშინაო მატჩში. ეს მას მერე მოხდა, რაც დი ნატალემ დუბლი შეასრულა "ჩეზენას" კარში(4:1). ამ სეზონში "ზებრეტეს" თილისმანმა "სტადიო ფრიულიზე" 8 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, სერია ა-ს ბომბარდირთა დავას კი 12 გოლით ლიდერობს, ოღონდ, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ხერმან დევისთან ერთად. ეს დი ნატალეს მე-17 დუბლი იყო კარიერაში, 34 წლის ვეტერანს სერია ა-ში 142 გოლი დაუგროვდა და ალბერტო ჯილარდინოს, კრისტიან ვიერის, პაულინო პულიჩის და ბენიტო ლორენცის დაეწია ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში.

18 მატჩია ისრაელის უმაღლესი დივიზიონის კირიათ შმონას "ჰაპოელი" დაუმარცხებელია. ამის წყალობით გუნდი პირველ ადგილზეა და ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების კარგი შანსი აქვს. ჰულას ტბისპირელებმა ბოლოს 4,5 თვის წინათ წააგეს. ახლა კი მე-2 ადგილზე მყოფ "აშდოდს" 6 ქულით უსწრებენ. ეს კლუბი 2000 წელს დაარსდა და მხოლოდ 2007-ში მოიპოვა ებრაული ფეხბურთის ელიტაში თამაშის უფლება.

5 დიდი ტიტული და 55 გოლი "ბარსელონას" მაისურით დაეხმარა ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" ზედიზედ მესამედ მოგებაში. არგენტინელმა ვარსკვლავმა ხმების 47,8 % მიიღო, მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა (21,6%), მესამეზე - ჩავი ერნანდესი (9,2%).

4 წლის, 11 თვის და 25 დღის შემდეგ ტიერი ანრიმ კვლავ გაიტანა "არსენალისთვის"! დიდი დაბრუნება ინგლისის თასზე შედგა, რომელიც "არსენალმა" 1:0 მოუგო "ლიდს იუნაიტედს" ფრანგი ფორვარდის გოლის წყალობით. ბოლო გოლი ლონდონელთა რიგებში ანრის 2007 წლის 3 თებერვალს "მიდლსბროსთან" ჰქონდა გატანილი. როგორც ხედავთ, კვირაც და 5 წელიწადი შესრულდებოდა. სხვათა შორის, "ლიდსი" ანრის მაგრად ჰყავს დაჩაგრული, უკვე მე-12 გოლი გაუტანა.

3 გოლი "ლილის" შემადგენლობაში ისტორიულია ჯო კოულისთვის - 30 წლის ინგლისელს 14-წლიან კარიერაში ჰეთ თრიკი აქამდე არასოდეს შეუსრულებია. ეს მან საფრანგეთის თასზე "შანტილის" წინააღმდეგ მოახერხა, "ლილმა" თამაში 6:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ კოული "ლივერპულის" ფეხბურთელია, საფრანგეთში კი იჯარით თამაშობს.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 480 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1