მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » თუ "ბარსა" მართლა დაინტერესდა...
11:54 PM
თუ "ბარსა" მართლა დაინტერესდა...

მარიო გიოტცე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ბუნდესლიგაში უკვე 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მასზე თითქმის ყველა გრანდში ფიქრობენ. ვუნდერკინდის სტატუსმა და გერმანიის ნაკრებში გაშინაურებამ გიოტცე წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესის არეალში მოაქცია, მაგრამ ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი დორტმუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს და BVB-ს ქომაგებსაც ვერაფერს ჰპირდება.

გიოტცეს კონტრაქტს ვადა 2014 წლამდე აქვს და მარიოს არსად ეჩქარება - მთავარი ის არის, რომ დღესდღეობით დორტმუნდელობით ბედნიერია. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიოტცემ ხაზგასმით თქვა, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი საფიქრალი მიმდინარე სეზონი და ევროპის ჩემპიონატია - მარიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონტინენტის პირველობაზე გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

საფეხბურთო გერმანიაში "ოქროს თაობაზე" რომ ალაპარაკდნენ, ეს პირველ რიგში სწორედ გიოტცეს და მასთან ერთად, ახლა უკვე მარკო როისის დამსახურებაცაა. საინტერესო ის არის, რომ მომავალი სეზონიდან ეს უკანასკნელიც "დორტმუნდში" ითამაშებს.

გერმანული ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი ერთად - თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბორუსიას" ფანების ყველას შურს, მაგრამ გაჩნდა მტკივნეული კითხვაც: მაინც რამდენ ხანს ითამაშებენ გიოტცე და როისი ერთად დორტმუნდში?
ხსენებულ ინტერვიუში მარიო დორტმუნდის ქომაგებს ვერაფერს ჰპირდება და არაფერს გამორიცხავს. 2014 წლამდე ჯერ ბევრი დროა დარჩენილი, წინ კი ევროპის ჩემპიონატია.

გიოტცეს ნათქვამი აქვს, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ახლავე და დაუფიქრებლად დავთანხმდები, "ბარსელონააო" და ვინ იცის, იქნებ ევრო 2012-ზე ისე გაიბრწყინოს, რომ კატალონიური სუპერგრანდის ბოსებმა დორტმუნდში, მამისეულ სახლში ჩააკითხონ. თუ ასე არ მოხდა, მარიო არც ამაზე იდარდებს, რადგან მთელი კარიერა წინ აქვს, "ბორუსიაში" კი მართლა ბედნიერია.

"არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება BVB-ში რეგულარულად თამაშობდეს და ამ გუნდიდან წასვლა მოუნდეს. თუმცა ახალ კონტრაქტზე ფიქრი ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. მე აქ ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ზაფხულიდან როისიც შემოგვიერთდება, მაგრამ ფანებს მაინც ვერაფერს დავპირდები," - ამბობს 19 წლის ფლეიმეიქერი.

გიოტცესთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ფეხბურთია - მიმდინარე სეზონი და ევროპის ჩემპიონატი. გერმანიის ნაკრები უმეტესად ისეთივე ტაქტიკური სქემით თამაშობს, როგორსაც დორტმუნდელები იყენებენ (4-2-3-1) და ის პოზიციები, სადაც მარიოს შეუძლია თამაში, ბუნდესგუნდში ფაქტობრივად დაკავებულია: მარჯვნივ თომას მიულერი, ცენტრში მესუთ იოზილი, მარცხნივ ლუკას პოდოლსკი. თუმცა გიოტცე ბრძოლას აპირებს და არ მალავს, რომ მისი მიზანი ევრო 2012-ზე გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თამაშია.

"სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ვის მოსწონს... და რაკი ახალგაზრდა ვარ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემთვის უკრაინასა და პოლონეთში ყოფნაც ბედნიერება იქნება. ბუნდესნაკრების ძირითადში თამაში მინდა და ამისათვის თავს არ დავზოგავ," - აცხადებს გიოტცე.

მარიოს არც ის აშინებს, რომ პირველ რიგში იოზილის კონკურენტია. სწორედ ამ უკანასკნელთან კონკურენცია აძლევს იმის იმედს, რომ შესაძლოა, ზაფხულში მისით "ბარსელონა" სერიოზულად დაინტერესდეს. ხოლო კითხვაზე, ეშინია, თუ არა სიკვდილის ჯგუფის (გერმანია, პორტუგალია, ჰოლანდია, დანია), ასე პასუხობს: "რა სისულელეა... პირიქით, მიხარია, რომ მაგარი თამაშები გველის."


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 447 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1