მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » ტურინის "იუვენტუსმა" "რომა" დაარბია
6:15 PM
ტურინის "იუვენტუსმა" "რომა" დაარბია

იშვიათი ამბავია იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს და ტურინში სწორედ ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე.

"იუვენტუსის" ახალ არენაზე საოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი და გულშემატკივრობით შეგულიანებულმა მასპინძლებმა მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვეს.

არადა, "ვეკია სენიორას" მოწინააღმდეგე "რომა" იყო, გუნდი, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა და სერია A-ს სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა.

ანტონიო კონტემ ძირითადად იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ს პაექრობებში ნაკლებად ეძლევათ სათამაშო დრო.

მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში იყო 21 წლის ლუკა მარონე, რომელმაც წინა შეხვედრაში, "ატალანტასთან" პაექრობაში გამოიჩინა თავი და ემანუელე ჯაკერინის შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა. კონტემ შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო დელ პიეროსა და მარკო ბორიელოს ტანდემი გაამწესა, მათ უკან კი ზემოთხსენებულ ჯაკერინის მიუჩინა ადგილი. კარში მარკო სტორარი იდგა და არა ჯანლუიჯი ბუფონი - ერთი სიტყვით, "იუვე" გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა "რომას".

ლუის ენრიკემ ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა და სასტარტო თერთმეტეულში ძირითადი ბირთვი გაამწესა. კარში მარტენ სტეკელენბურგი იდგა, დაცვასა და ნახევარდაცვაშიც ნაცადი მოთამაშეები შეირჩნენ და შეტევაშიც ტრადიციული ტრიო ვიხილეთ: ფრანჩესკო ტოტი, ერიკ ლამელა, ბოიან კრკიჩი. მოკლედ, ენრიკემ თითქოს ნაკლებად გარისკა, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლიც ძალიან მალე გავიდა - მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლუკა მარონემ შესანიშნავი გადაცემით ემანუელე ჯაკერინი კიპერს პირისპირ შეატოვა და მანაც, უზუსტესი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია, 1:0.

ტურინელებმა გააგრძელეს დაწოლა და ტაიმის შუაწელს მარტენ სტეკელენბურგს კიდევ ერთხელ გამოაღებინეს ბურთი საკუთარი კარიდან: ამჯერად, ალესანდრო დელ პიერომ გაიბრწყინა და შორეული დარტყმით, მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა, 2:0. გოლი მართლაც ძალიან ეფექტური გამოვიდა და საუკეთესო ასაკში მყოფი ალე გაგვახსენა.

მეორე ტაიმში, ტურინელებმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს აქცენტი და შედეგად, ტერიტორიულ უპირატესობას რომაელები დაეუფლნენ. თუმცა, ამით ბევრი არაფერი შეცვლილა - სტუმრებმა ორი-სამი მეტნაკლებად მწვავე იერიში მიიტანეს მარკო სტორარის კართან, ტურინელთა კონტრშეტევები კი გაცილებით უფრო სახიფათო და საინტერესო იყო.

აქტიურად ჩაერთო თამაშში ფაბიო კვალიარელა, რომელსაც სამჯერ მაინც შეეძლო გოლის გატანა - ყველაზე ხელსაყრელი მომენტი შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე შეექმნა, როდესაც ალესანდრო მატრისგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით, ბურთი მეტოქის კარის ხარიხას გაარტყა.

რომაელთა რბევას წერტილი სიმონ კიაერმა დაუსვა - დიახ, "ჯალოროსის" მცველმა, ვინც ფაბიო კვალიარელას საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0. კინაღამ დაგვავიწყდა, მეორე ტაიმის სტარტზე ერიკ ლამელა ჯორჯო კიელინის ეუხეშა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. მატჩის შემდეგ, კომენტარი ლამელამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პროვოცირება კიელინიმ მოახდინა და სწორედ ამიტომ უმტყუნა ნერვებმა. კონტემ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების თამაშით და დასძინა:

"ბოლო წლებში, "იუვეს" სწორედ "რომა" აგდებდა თასის გათამაშებიდან და მიხარია, რომ ნავსის გატეხვა მოვახერხეთ. აშკარაა, რომ ჩვენ უფრო გვინდოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა და მიზანს მივაღწიეთ კიდეც.

მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯაკერინიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ცოტა ხნის წინ, ის სერია C-ში ასპარეზობდა, დღეს კი "იუვენტუსისთვის" უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა - აი, რას შვება დიდი შრომა... დელ პიეროზე არაფერს ვამბობ, ნამდვილი ლეგენდაა".

იტალიის თასი. 1/4 ფინალი
იუვენტუსი-რომა 3:0
გოლები: 1:0 ჯაკერინი (6), 2:0 დელ პიერო (30), 3:0 კიაერი (90-საკ. კარში).

კიევო-სიენა 0:1
გოლი: დესტრო (54).

ნაპოლი-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 კავანი (50-პენ), 2:0 კავანი (90).

დღეს:
მილანი-ლაციო 23.45


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 440 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1