მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » შიში ოხერია, ”ბარსელონა” ვერაგი
8:41 PM
შიში ოხერია, ”ბარსელონა” ვერაგი

შიში ოხერია, ”ბარსელონა” ვერაგი

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. სამშაბათის მატჩის მიმოხილვა
ლევერკუზენი-ბარსელონა 1:3

საქმე საქმეზე რომ მიდგება, "ბარსელონასთან" სასწაულის მოხდენა შეუძლებელია. ეს მაშინ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, თორემ ის, რაც გასულ უქმეებზე "ოსასუნამ" გააკეთა, სასწაული არც ყოფილა - იმ შეხვედრაში საქმე საქმეზე არ იყო მიმდგარი.

ტაქტიკა და სტრატეგია
"ლევერკუზენის" დამრიგებელმა რობინ დუტმა მოლოდინისამებრ უფრთხილესი ტაქტიკა (4-1-4-1) აირჩია და იმ ერთადერთ ცენტრფორვარდ ანდრე შიურლესაც სულ დაცვის მისახმარებლად არბენინებდა. როცა შიურლე ფორვარდის პოზიციაზე იყო, მისი პასებით მომარაგება ფლანგებზე გამწესებულებს, რენატოსა და კასტროს ევალებოდათ, ნახევარდაცვის ცენტრში კი, შავი საქმე როლფესს, ბენდერსა და რაინარტცს უნდა ეკეთებინათ.

თეორიულად, დუტმა ყველაფერი სწორად გააკეთა. საქმე ისაა, რომ თეორიის პრაქტიკაში გადატანა გაჭირდა - პირველ რიგში იმიტომ, რომ გერმანელებს თავადაც არ სჯეროდათ, რომ "ბარსელონასთან" მინიმუმ ფრეს მიღწევა მაინც შეეძლოთ.

"ბარსას" ჩავი და პიკე ბოლო მომენტში გამოაკლდნენ. სამაგიეროდ, მწყობრში ჩადგა ბუსკეტსი. დაცვის ცენტრი მასკერანომ და პუიოლმა გაამაგრეს, მარცხენა ფორვარდის პოზიციაზე კი ადრიანო კორეია ვიხილეთ.

რეაქციები
რობინ დუტი: "პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სითამამე გვაკლდა. ბიჭებს ბარსელონასი ეშინოდათ, მაგრამ ამის გამო ვერცერთს ვერ დავძრახავ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი ამ მხრივ სხვანაირი, უკეთესი იყო და მეტოქეს მთელ რიგ მომენტებში პრობლემები შევუქმენით."

პეპ გვარდიოლა: "გერმანულ გუნდებს ყოველთვის შეუძლიათ არაფრისგან მომენტების შექმნა და გოლების გატანაც. დღეს იოლად არ მოგვიგია, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიჭირდა. მაგრამ ჩემმა გუნდმა საკადრისი რეაგირება მოახდინა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ."

TOP ფეხბურთელი
ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
ჩილელი პირველ გოლამდე ბურთს მხოლოდ რვაჯერ შეეხო, მაგრამ მერე პირველივე მომენტი გამოიყენა. მერე კი, როცა გერმანელები გათამამდნენ და მეტ-ნაკლებად აზრიანად მოქმედება დაიწყეს, ალექსის სანჩესმა მეორედ გაარღვია მათი დაცვის ხაზი და "ბარსა" ისევ დააწინაურა.

ორი შანსი, ორი გოლი - სამშაბათს ჩილელი ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი იყო.

FLOP ფეხბურთელი
სიმონ როლფესი (ლევერკუზენი)
მართალია, "ბაიერის" კაპიტანი ნახევარდაცვის ცენტრში ლარს ბენდერთან ერთად დიდი მონდომებით იბრძოდა, მაგრამ ეს მაშინ, როცა "ბარსას" შეტევები უნდა ჩაეშალა. აი, შეტევების თუ ამაგვარი რაღაცების დროს კი, როლფესს ძალიან უჭირდა თამაშის დაწყნარება და შესაბამისად თანაგუნდელების დამშვიდებაც.

ესეც რომ არ იყოს, სიმონმა ორთაბრძოლების მხოლოდ 30 პროცენტი მოიგო და 18 პასიდან 8 შემთხვევაში ბურთი კატალონიელებს ჩააბარა. დუტმა თავისი კაპიტანი ამიტომაც გაიყვანა მოედნიდან - 76-ე წუთზე.

ანალიზი
როგორც გამოჩნდა, დუტმა თავის შეგირდებს ზომიერად აგრესიული ფეხბურთისკენ მოუწოდა და მათ "ბარსას" ნახევარმცველებისთვის ხელის შეშლა მოედნის ცენტრში, საუკეთესო შემთხვევაში კი კატალონიელთა ნახევარზევე დაავალა. ამას დაკვირვებული თვალი შეხვედრის პირველივე წუთზე შეამჩნევდა - სტარტიდან 17 წამში "ბარსელონას" ნახევარზე ერთდროულად ოთხმა (!) ლევერკუზენელმა მიმართა პრესინგს. მაგრამ ამან მხოლოდ ერთ წუთს გასტანა.

კატალონიელებმა მალევე გააგორეს ბურთი ისე, როგორც უყვართ და გერმანელებმაც უკან დაიხიეს. ასე განსაჯეთ, სადღაც მეორე წუთიდან მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, "ბარსელონას" თავისივე ნახევარზე თუ ვინმე აწუხებდა, მხოლოდ შიურლე.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკანდახეული და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან გამაგრებული ლევერკუზენელები ურიგოდ არ იბრძოდნენ. ბურთს თითქმის მხოლოდ "ბარსა" ფლობდა, მაგრამ გერმანელებს ორთაბრძოლებში აგრესია და მონდომება არ აკლდათ, რის გამოც კატალონიელებს მომენტების შექმნა ნამდვილად უჭირდათ.

ლეო მესი იძულებული ხდებოდა, უკან დაეხია და გამთამაშებლის ფუნქციები ეკისრა. არგენტინელი ხშირად მოედნის ცენტრამდეც ჩადიოდა და იქიდან იწყებდა შეტევებს, მაგრამ ამ საქმიდან უმეტესად არაფერი გამოდიოდა, რადგან "ბარსელონას" თამაში პირველ ტაიმში ზედმეტად ერთფეროვანი და სწორხაზოვანი გახლდათ. პეპ გვარდიოლას ბიჭებს პირველ ნახევარში ფლანგები, სადაც ალექსის სანჩესი და ადრიანო მოქმედებდნენ, პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ.

მიუხედავად ამისა, "ბაიერის" დაცვის ერთი შეცდომა, რაც შიშისა და მეტოქისადმი ზედმეტი პატივისცემის ბრალი იყო, საკმარისი გახდა იმისათვის, რომ "ბარსას" ტაიმი მაინც მოეგო.

ვერ ვიტყვით, რომ "ლევერკუზენმა" დაცვაში ცუდად ითამაშა - დუტის ბიჭებს მობილიზება არ აკლდათ. შეტევაში კი, რაც დრო გადიოდა, მათი ცოდვა-ბრალისა და ჭირვეულობის ყურება ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა. თავად განსაჯეთ: პირველ ნახევარში ლევერკუზენელებმა მხოლოდ 88 პასი გააკეთეს, კატალონიელთა ანგარიშზე კი, პირველ 45 წუთში 480 (!) გადაცემა იყო. ამას რომ თავი დავანებოთ, გერმანელები ბურთს უმეტესად მიღებისთანავე უაზროდ იგერიებდნენ.

დაიწყო მეორე ტაიმი და გამოჩნდა, რომ არც "ბარსელონაა" ისეთი გუნდი, რომელსაც გოლს ვერ გაუტან. როგორც კი გერმანელებმა შეტევაში ცოტა მეტი სითამამე გამოიჩინეს, მყისვე ანგარიში გაათანაბრეს. თანაც, ეს გოლი იმ ფეხბურთელებმა შექმნეს, რომლებიც პირველ ტაიმში ყველაზე მეტს ცდებოდნენ - ასისტენტმა ჩორლუკამ და ავტორმა კადლეცმა.

მაგრამ მეტ სითამამეს, მეტი შეცდომები მოჰყვება ხოლმე და ზუსტად სამ წუთში, "ბაიერის" დაცვა ისევ აიჭრა, ალექსის სანჩესმა კი ამით კვლავ ისარგებლა და "ბარსა" მეორედ დააწინაურა.

ლევერკუზენელებს აქტიურობა არ შეუწყვეტიათ და ასე განსაჯეთ, საგოლე მომენტებიც კი შეექმნათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ გააქტიურებამ "ბაიერს" საბოლოო ჯამში უარესი შედეგი მოუტანა. მესის გოლის კომბინაცია და შესრულება კი იდეალური დასკვნაა იმისა, თუ რატომ მოხდა სამშაბათს "ბაი არენაზე" ის, რაც მოხდა.

და მაინც:

დასკვნა
პირველ ტაიმში გერმანელებს ზედმეტად ეშინოდათ, შესვენების შემდეგ კი "ბარსელონას" შეუთამამდნენ და კატალონიური გრანდის დაცვის ხაზის სისუსტეებიც დაგვანახვეს. "ბარსამ" ეს თამაში კლასის ხარჯზე მოიგო. გვარდიოლას გუნდს არ უფრენია, მაგრამ როგორც ითამაშა, "ლევერკუზენის" დასამარცხებლად ესეც საკმარისი გამოდგა.

საპასუხო მატჩი, რა თქმა უნდა, ფორმალობაა.
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 433 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1