მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » რუსული ფეხბურთის იმედი ნიკა ყიფიანი - არ მავიწყდება, ქართველი რომ ვარ!
11:55 PM
რუსული ფეხბურთის იმედი ნიკა ყიფიანი - არ მავიწყდება, ქართველი რომ ვარ!

რუსული ფეხბურთის იმედი ნიკა ყიფიანი - არ მავიწყდება, ქართველი რომ ვარ!

ამას წინათ "ლელო" წერდა რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელ ნიკა ზურაბის ძე ყიფიანზე. რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ დაევმა 1997 წლის 25 იანვარს დაბადებული ცენტრალური ნახევარმცველი თურქეთში ორკვირიან შეკრებაზე წაიყვანა.

ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის ბომბარდირი და ლიდერია. როგორც ამბობენ, ნიკა გამორჩეული ტალანტია და რუსები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მაგრამ ეს ბავშვი საქართველოში, თბილისშია დაბადებული, დიდუბეში იზრდებოდა და რუსეთში თამაშის მიუხედავად, სამშობლო არ ავიწყდება. მიზეზთა გამო, 15 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს რამდენიმე დღით თურქეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მოუხდა, ჩვენც მოგვეცა საშუალება და გავესაუბრეთ.

"თავიდან "ნორჩ დინამოში" ვვარჯიშობდი. რუსეთში ექვსი წლის წინ გადავედი, რადგან ჩემი ოჯახის წევრები სამუშაოდ წავიდნენ. თავიდან რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვვარჯიშობდი. სამი წლის წინ კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში ამიყვანეს. ამ გუნდში გამოსვლის დროს შემნიშნეს რუსეთის ნაკრების სელექციონერებმა და მიმიწვიეს.

გუნდის შემადგენლობაში უკვე ორი შეხვედრა ჩავატარე, დანიისა და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებებთან. 9 თებერვლიდან ნაკრებთან ერთად თურქეთში ვემზადებოდი, 15 მარტიდან კი იტალიაში დაგეგმილ შეკრებაზეც გავემგზავრები", - ამბობს ყიფიანი.

ნიკა თავიდან სხვა პოზიციაზე თამაშობდა:

"ახლა კი ვარ გამხდარი, მაგრამ ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, სწრაფად ვერ დავრბოდი და კარგადაც ვერ ვთამაშობდი. ამიტომ დაცვაში მაყენებდნენ. მერე ფეხბურთს სერიოზულად მოვეკიდე, სიმაღლეში მოვიმატე, წონაში დავიკელი და ბოლო ნახევარი წელია, ნახევარდაცვაში გადამიყვანეს.

ჩემებს ურეკავდნენ და სხვა კლუბში გადაყვანას მთავაზობდნენ, მაგრამ მშობლებმა ჩემი მოსკოვის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინეს, რადგან რუსეთში ფეხბურთელის გასაზრდელად კარგი პირობებია. ჯერ 15 წლის ვარ, 17-18 წლის რომ გავხდები, მერე უკვე კარგი იქნება ევროპაში თამაში.

ვიცი, რომ საქართველოშიც დაინტერესდნენ, ჩემებს დაუკავშირდნენ, ასაკობრივი ნაკრების ყურადღების ცენტრშიაო. რუსეთში ვთამაშობ და იმ ხალხის მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის, ყურადღებას არ მაკლებენ. წინსვლისთვის მეც "ლოკომოტივში" დამკვიდრება და მომზადება მირჩევნია. მაგრამ, ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მომიწევს, მე კი ქართველი ვარ. და თუ დიდ ნაკრებზე მიდგება ლაპარაკი, საქართველოს ეროვნულ გუნდში ვითამაშებ".

ნიკა ამბობს, რომ გვარის გამო რუსები სულ ინტერესდებიან, დიდი დინამოელის, დავით ყიფიანის ნათესავი ხომ არ არის:

"ნაკრების ვარჯიშზე რომ გამოვცხადდი, მწვრთნელით დაწყებული, მასაჟისტით დამთავრებული ყველა მეკითხებოდა, დავით ყიფიანი შენი ვინ იყოო. მეამაყება, ასეთი დიდი ფეხბურთელის მოგვარე რომ ვარ, მაგრამ ახლო ნათესაობა არ გვაკავშირებს".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 558 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1