მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » რონალდოს ფანის მესის ოცნება
6:12 PM
რონალდოს ფანის მესის ოცნება

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება სამშობლოში სურს.

24 წლის არგენტინელი კარიერას "ნიუელს ოლდ ბოისში" იწყებდა, თუმცა 13 წლის ასაკიდან ესპანეთშია. ასე რომ, მესი არგენტინის ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მშობლიურ ჩემპიონატში არ უთამაშია.

"ოქროს ბურთის" ზედიზედ მესამედ მომხვეჭ მესის ინტერვიუ არგენტინულმა "ოლემ" ჩამოართვა: "ევროპაში მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში მინდა. მე ამ კლუბში სამუდამოდ დავრჩებოდი, მაგრამ სანამ ფეხბურთს თავს დავანებებ, სამშობლოში უნდა ვითამაშო. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს ჩემი ოცნებაა, რომელსაც ავისრულებ", - განაცხადა მესიმ.

იმავე ინტერვიუში მესიმ ძალიან კეთილგანწყობილად ილაპარაკა რონალდოს შესახებ, ოღონდ ბრაზილიელი რონალდო ვიგულისხმეთ, რომელმაც გადასცა კიდეც ლეოს "ოქროს ბურთი" შვეიცარიაში: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრიზი თავად რონალდომ გადმომცა. ძალიან გამიხარდა, რომ მას შევხვდი. ადრე დიდ დროს ვატარებდი ეკრანთან და რონალდოს გოლებს ვუყურებდი. ის საოცარი ფორვარდი იყო, მუდამ ღიმილიანი სახით. ბავშვობაში მისი დიდი ფანი გახლდით".




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 430 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1