მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » რევაზ გოცირიძე: ბომბარდირობა მინდა, მაგრამ მთავარი "ტორპედოს" შედეგია
11:50 PM
რევაზ გოცირიძე: ბომბარდირობა მინდა, მაგრამ მთავარი "ტორპედოს" შედეგია

რევაზ გოცირიძე: ბომბარდირობა მინდა, მაგრამ მთავარი "ტორპედოს" შედეგია

...2004 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული "ოქროს მატჩით" გამოვლინდა, "ვიტ ჯორჯიამ" "სიონი" 2:0 დაამარცხა, ბოლნისელებს პირველი გოლი რევაზ გოცირიძემ გაუტანა, იმ სეზონში ის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ახლა კი მიმდინარე ეროვნულში ჯერ 7 გოლი აქვს გატანილი და მეგოლეებში დაწინაურებულ ჩისკოს სამი ბურთით ჩამორჩება.

წინა ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "გაგრას" 5:2 რომ მოუგო, ტორპედოელმა გოცირიძემ ორი გოლი გაიტანა. "ტორპედოს" ბოლო დროს მეგოლე ფორვარდის პოზიცია გაუხდა პრობლემად და გოცირიძის დუბლი ამ მხრივაც უნდა იყოს ფასეული.

"გოლის შეგდება მოსამზადებელ პერიოდში მართლაც გვიჭირდა, დიდი დატვირთვების ფონზე ვთამაშობდით, ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ, ახლა კი თანდათან უმჯობესდება ყველაფერი, "გაგრასთან" ხუთი გოლი გავიტანეთ და იმედია, კიდევ ბევრს გავიტანთ", - გვითხრა "ტორპედოს" ცენტრფორვარდმა.

ქუთაისელთა გუნდმა "გაგრასთან" სამი თავდამსხმელით ითამაშა, გოცირიძეს ფლანგებიდან გრიგოლ დოლიძე და თორნიკე თარხნიშვილი ეხმარებოდნენ. თურქულ შეკრებაზე კი "ტორპედომ" ორი თავდამსხმელით თამაშიც მოსინჯა, გოცირიძის მეწყვილე ნიკა საბანაძე გახლდათ.

"თავდამსხმელი ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ ხელმეორედ გავხდები ჩემპიონატის ბომბარდირი, თუმცა მთავარი ეს არ არის - "ტორპედომ" რაც შეიძლება მაღალ შედეგს უნდა მიაღწიოს.

ვფიქრობ, 2003-04 წლების სეზონთან შედარებით ურიგო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს" - პროგნოზებში ფრთხილია გოცირიძე.

ის ჯანმაგარი თავდამსხმელია, ორთაბრძოლაში ძნელად დასაჯაბნი, მას შეუძლია მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა ბურთი შეიმაგროს და, ასე ვთქვათ, გუნდი ამოიყვანოს. "ვიტ ჯორჯიას" შემდეგ მან არაერთ უცხოურ თუ ქართულ გუნდში ითამაშა, საკმაოდ გამოცდილია, ნაირგვარი სტილის გუნდებს მორგებია.

"ჩვენი გუნდი ისე თამაშობს, რომ ცენტრფორვარდისგან ბურთის შემაგრება მიზანი არ არის. სწრაფი პასები, მყისიერი შეტევა, იერიშის დაცვიდან ორგანიზება - ასეთი "ტორპედოს" სათამაშო კონცეფცია - ბურთი გაგორდეს და მეტოქის კარამდე სწრაფად მივიდეს", - განგვიმარტა გოცირიძემ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 547 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1