მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » პოლ სქოულზი: მადლობა ნდობისთვის
4:37 PM
პოლ სქოულზი: მადლობა ნდობისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ სქოულზი იმ ფეხბურთელების სიაში შედის, რომელთაც პრესასთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ უყვართ, მაგრამ ამჯერად მან ტრადიცია დაარღვია და ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მცირე კომენტარი მისცა: "თამაშს თავი დავანებე თუ არა, მალევე მივხვდი, რომ ფეხბურთი ძალიან მაკლდა. მოხარული ვარ, რადგან მწვრთნელს ძველებურად სჯერა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თამაშებს. ვეცდები, ამ დიად კლუბს წარმატებების მიღწევაში ხელი შევუწყო".

"შესანიშნავია, რომ პოლმა ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვეტა. ყოველთვის გულის დასაწყვეტია, როცა დიდი ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას დროზე ადრე აკეთებენ. თუმცა სქოულზს არ შეუწყვეტია ვარჯიში, ამიტომ ის ახლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.

ბოლო დღეებში ის ბევრად უფრო ინტენსიურად იტვირთებოდა დუბლშემადგენლობასთან ერთად და ბევრს ვარჯიშობდა სპორტულ დარბაზშიც. აქამდეც ვიცოდი, რომ მას ჯერ კიდევ შეეძლო ერთი კარგი სეზონის ჩატარება "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რადგან ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ნანობდა კარიერის დასრულებას. რა თქმა უნდა ჩვენთან ყველა ბედნიერია, რომ პოლი დაბრუნდა. ის მშვენიერი შევსებაა, მით უფრო ასეთ რთულ პერიოდში," - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

თანაგუნდელის დაბრუნებით აღფრთოვანებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნიც. აი, რა თქვა მან: "სქოულზი? სიმართლე გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ჩვენ არაფერი ვიცოდით მისი გადაწყვეტილების შესახებ იქამდე, ვიდრე "სიტისთან" მატჩამდე გასახდელში ჩვენთან ერთად არ შემოვიდა. მშვენიერია, რომ ის კარიერას აგრძელებს".

"სიტისთან" მატჩის შემდეგ სტატისტიკოსებმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს: 37 წლის ფეხბურთელმა 30 წუთის განმავლობაში 71 პასი გააკეთა, უფრო მეტი, ვიდრე "სიტის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა 90 წუთში და ამასთან პასების 97% ზუსტი იყო. აქვე გეტყვით, რომ სქოულზმა პროფესიული კარიერის განმავლობაში, დაწყებული 1993 წლიდან, "იუნაიტედის" შემადგენლობაში 466 შეხვედრა ჩაატარა და 102 გოლი შეაგდო. ინგლისის ეროვნულ გუნდში კი 66 მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 498 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1