მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი
11:34 PM
ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი

საქართველოს ნაკრებისა და ახლა უკვე "კრასნოდარის" გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად თურქულ ბელეკში შეკრებაზე იმყოფება, რუსულ სპორტულ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც "ანჟი" დატოვა.

შეგახსენებთ, ნუკრიმ რუსეთის პრემიერლიგის სეზონი მახაჩყალურ კლუბში დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც გაირჯა, თუმცა ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის ამოქმედებისა და შესაბამისად, გუნდის ძირითადში ადგილის შესაძლო დაკარგვის მოტივით, წლის ბოლოს კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. რევიშვილმა "კრასნოდართან" საქმე ზაფხულშივე მოაგვარა, დღეს კი პრემიერლიგის სეზონის განახლებისთვის "კრანსოდართან" ერთად ემზადება.

სწორედ ამიტომ გაზეთმა ქართველ მეკარესთან ინტერვიუს წინ ასეთი შესავალი წაუმძღვარა: "რუსული ფეხბურთისთვის უჩვეულო შემთხვევაა: ფეხბურთელი მხოლოდ მისთვის გასაგები პერსპექტივით ტოვებს გუნდს, რომელსაც თავისი ნებით არავინ ემშვიდობება. ნუკრი მოულოდნელად ორი წლის წინ "რუბინს" გამოეთხოვა, ამჯერად - "ანჟის".

- ჩემი მიზანი ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშია, - უთხრა ქართველმა გაზეთს. - რისი შანსიც "ანჟიში" შესაძლოა აღარ მქონოდა. მხოლოდ ვარჯიში, თუნდაც ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც ჟირკოვი ან ეტო"ოა, მე არ მაინტერესებს.

- მაგრამ, სწორედ თქვენ არ იყავით "ანჟის" ძირითადი გოლკიპერი?
- დიახ. თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბმა "დინამოდან" ვლადიმირ გაბულოვი გადაიბირა. გუნდში იყო ევგენი პომაზანიც. ასე რომ, უკვე ნათელი იყო, "ანჟი" რუსეთის მოქალაქეობის მქონე გოლკიპერებზე გააკეთებდა აქცენტს.

- კი მაგრამ, თქვენ ხომ ჯერ კიდევ ყაზანში თამაშის პერიოდიდან გაქვთ რუსული პასპორტი?
- მას შემდეგ, რაც შეიცვალა განსაზღვრება "ლეგიონერი", მხოლოდ რუსული პასპორტის ფლობა ვეღარ მიშველის. მითუმეტეს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარის თქმას არ ვაპირებ.

- მსგავი პრობლემა ხომ კრასნოდარშიც იქნება?
- დიახ, მაგრამ აქ კონკურენცია სხვაგვარია. კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი კიდევ მქონდა, მათ შორის მოსკოვურ კლუბში, თუმცა "კრასნოდარზე" არჩევანი გააზრებულად შევაჩერე.

- ბევრი მზადაა, ოღონდ "ანჟიში" ირიცხებოდეს, თადარიგიდან ცხვირიც არ გამოჰყოს. სამაგიეროდ, კლუბისგან ოქროს წვიმა გარანტირებულია...
- დარწმუნებული ვარ, რომ "კრასნოდარი" - არანაკლებ საინტერესო და ამბიციური პროექტია. უბრალოდ, ყველას თავისი გზა აქვს. ჩემ ახალ კლუბს წინსვლის განსხვავებული სტრატეგია აქვს, მე კი ფული არ ამირჩევია, არამედ - მომავალი. არ მინდა ვიჯდე სათადარიგოთა შორის, თუნდაც ძვირფასი კონტრაქტით. რახან ფული ვახსენებთ, ბარემ გეტყვით, რომ ზღაპრული თანხები, რასაც ვითომ "ანჟიში" ფეხბურთელებს უხდიან, სინამდვილეში მითია.

- ამ კლუბმა არ აქცია ეტო'ო მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად?
- სიტუაციას სხვა თვალითაც შევხედოთ - "ანჟიმ" ხომ ის რუსეთში ჩამოიყვანა. ცოტა ვინმემ თუ იცის, რა სამუშაო გასწია გერმან ტკაჩენკომ, რათა სამუელი "ანჟიში" გადაყვანაზე დაეთანხმებინა. მხოლოდ ფულით ამ ამოცანის გადაჭრა ხომ შეუძლებელი იქნებოდა.

- ეტო'ო მართლა დიდი ფეხბურთელია?
- დიახ და თან, არაორდინალური ადამიანია.

- გუნდში რა ენაზე საუბრობს?
- ფრანგულად, პერსონალური თარჯიმანის დახმარებით. ინგლისურიც იცის, თუმცა ფრანგულად საუბარს ამჯობინებს.

- თქვენზე შთაბეჭდილება ვინ უფრო მოახდინა - რობერტო კარლოსმა თუ ეტო'ომ?
- ძალზე განსხვავებული ადამიანები არიან, საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე პროფესიონალია.

- როგორ ფიქრობთ, ეს თვისება თანდაყოლილია თუ შეძენილი?
- ვფიქრობ, შეძენილი. "რეალსა" და "ბარსელონაში" გატარებული რამდენიმე წელი მოთამაშეზე თავის კვალს ტოვებს. ვალდებული ხარ, მუდმივად განვითარდე, რათა ამ დონეზე ადგილი შეინარჩუნო.

- "ანჟის" ახალი თავკაცი ჰყავს - იური კრასნოჟანი. ჟირკოვისა და ეტო'ოს გუნდში მუშაობა არ გაუჭირდება?
- ვფიქრობ, სწორედ იური კრასნოჟანი სჭირდება დღეს "ანჟის".

- წინასწარ რომ გცოდნოდათ, ვის ჩააბარებდნენ გუნდს, დარჩებოდით "ანჟიში"?
- ალბათ დავრჩებოდი, თუ გაჯიევი არ წავიდოდა. "ანჟის" ჯერ კიდევ ზამთარში შეეძლო ძვირფასი მეკარე ეყიდა, მაგრამ გაჯი მუსლიმოვიჩმა ნდობა მე გამომიცხადა.

"კრასნოდარში" ატმოსფერომ მიმიზიდა: აქ გუნდი ოჯახივითაა და თანაც, გვერდით ჩემი თანამემამულეები მეყოლებიან - მარცვალაძე და ამისულაშვილი.

- "ანჟი" ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს, "კრასნოდარი" - მეცხრე ადგილს.
- სულ ტყუილად მიწუნებთ გუნდს. ხმამაღალ განცხადებებს რომ არ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ამბიციები არ გვაქვს.,

- თავის დროზე "რუბინი", როგორც "ანჟი", თქვენ შენარჩუნებას ცდილობდა და ხელშეკრულების გაგრძელებას გთავაზობდა, მაგრამ არც ფულმა მოგხიბლათ და არც ჩემპიონთა ლიგაში თამაშმა.
- მოტივაცია მაშინაც იგივე იყო - თამაში. მახაჩყალაში რეალური შანსი მქონდა, პირველი ნომერი ვყოფილიყავი და ამ მიზანს მივაღწიე კიდეც. ყაზანის სკოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ იქ პირველი ნომერი სერგეი რიჟკოვი იყო.

- მგონი იქ პირველი ნომერი სხვაა - ყურბან ბერდიევი.
- ბერდიევი არამხოლოდ ყაზანშია პირველი ნომერი. დღეს ის რუსეთის საუკეთესო მწვრთნელია. ძლიერი, ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე. მასთან ნაცნობობამ ბევრი შემძინა.

- სწორედ მან შთაგაგონათ, რომ სათადარიგოთა სკამზე იმ მეკარეს არაფერი ესაქმება, რომელსაც მაღალ დონეზე თამაში სურს?
- მაგანაც. და კიდევ, ბერდიევმა წინ ყურება და პერსპექტივის დანახვა მასწავლა.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 406 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1