მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » მილანი VS ინტერი - და ამით, ყველაფერი ნათქვამია
8:58 PM
მილანი VS ინტერი - და ამით, ყველაფერი ნათქვამია

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ერთი შეხვედრის გარშემო ტრიალებს და ბუნებრივია, რომ ტურის წინასიტყვაობაპრაქტიკულად მთლიანად სწორედ აღნიშნულ პაექრობას უნდა დავუთმოთ.

აბა როგორია, წინ "მილანი"-"ინტერი" გელოდებოდეს და შენ "ჩეზენა"-"ნოვარას" შესახებ მსჯელობდე. ვგონებთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო და დიდი დერბის აურა ბოლომდე შეიგრძნო. ჯერ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გადავხედოთ და შემდეგ, განვავრცოთ თემა...

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ამბროზინი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ბოატენგი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, მოტა, კამბიასო, ალვარესი - მილიტო, პაცინი.

იშვიათი ამბავია, რომ "ინტერის" კალიბრის გუნდი, რომელსაც განაცხადში ლამის სამი ათეული ფეხბურთელი ჰყავს, მატჩს ფაქტობრივად დანაკლისის გარეშე ხვდებოდეს. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც კლაუდიო რანიერის ვერ დაეხმარება, ეს სალი მუნტარი გახლავთ, რომელიც აფრიკის თასზე საასპარეზოდ შავ კონტინენტზე გაემგზავრა. თუმცა, რანიერი მუნტარის ისედაც არ წყალობდა და სულ რომ მილანში იყოს, ალბათ განაცხადშიც ვერ მოხვდებოდა.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კლაუდიო რანიერიმ სწორედ ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეტოქე უფრო რთულ მდგომარეობაშია:

"ძალიან მიხარია, რომ ასეთ პრინციპულ პაექრობას დანაკლისის გარეშე ვხვდებით. ამასთან, ფეხბურთელთა აბსოლუტური უმეტესობა ოპტიმალურ ფორმაშია, რაც ოპტიმიზმს მიღრმავებს. ბოლო შეხვედრები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ტემპი არ უნდა დავაგდოთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეტოქე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან სასკუდეტო მარათონშია ჩაბმული და შესაბამისად, დასაკარგიც ჩვენზე მეტი აქვს. უნდა ვითამაშოთ ლაღად, გააზრებულად და ყველაფერი კარგად იქნება".

ვერ გეტყვით რატომ დაიჩემა რანიერიმ, რომ დასაკარგი "მილანს" უფრო მეტი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში ეს უკვე მეორედ განაცხადა. არადა, თუ საკითხს მაინცდამაინც სატურნირო გადასახედიდან შევხედავთ - აშკარაა, რომ მარცხის შემთხვევაში "ინტერი" უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება, ვიდრე ლიდერი "მილანი". მასიმილინო ალეგრის გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში რჩება ლიდერთა მარაქაში, აი "ინტერისთვის" კი ეს შესაძლოა ერთ-ერთი ბოლო შანსიც იყოს ჩაერთოს სკუდეტოსთვის ბრძოლაში. მოვეშვათ ამ თემას და "ინტერის" სავარაუდო შემადგენლობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსა და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ - ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან პაცო გუნდის საუკეთესო ფორვარდია, არგენტინელმა კი წინა ტურში გაიბრწყინა და ძველი მილიტო გაგვახსენა, რომელიც "ინტერის" მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვესლი სნეიდერი სრულად განიკურნა, ძირითად შემადგენლობაში ჰოლანდიელი მაინც არ მოიაზრება - საერთოდაც, რანიერი გამთამაშებლად არავის მოიაზრებს და კლასიკურ 4-4-2-ს გამოიყენებს, სადაც ნახევარმცველები ერთ ხაზზე იქნებიან განლაგებულნი. ვნახოთ, ეს მაინც სავარაუდო შემადგენლობაა და შესაძლოა, რანიერიმ სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

დიდი სამზადისია "მილანის" ბანაკშიც, თუმცა ერთი განსხვავებით - რატომღაც, "როსონერის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ერიდებიან პრესასთან ურთიერთობას და შესაბამისად, არც კომენტარებს აკეთებენ. ერთადერთი, ვინც თავისი მოსაზრება გამოთქვა, კევინ პრინს ბოატენგი გახლავთ - მოვუსმინოთ განელს:

"ქალაქში საოცარი ატმოსფეროა, ასეთი რამ არსად მინახავს და სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი ვარ. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს, ყველა თავისი გუნდის ფორმებშია გამოწყობილი, რაც მთლიანობაში ძალიან ამაღლებულ განწყობას ქმნის. ერთი სული მაქვს როდის მოვა კვირა და როდის გავალთ მინდორზე, რათა ჩვენი ყველაზე პრინციპული მეტოქე დავამარცხოთ. დიახ, ჩვენ ეს თავისუფლად შეგვიძლია, რადგან "ინტერზე" უკეთესი გუნდი გვყავს. შევეცდებით, ეს მოახლოვებულ დერბიში დავამტკიცოთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და გუნდს 4-3-1-2 სქემით განალაგებს. შეტევის წინა ხაზზე შეუცვლელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, არა ალეშანდრე პატოს, არამედ, რობინიოს ვიხილავთ. თავდამსხმელების უკან ბოატენგი გაირჯება, დანარჩენი შუახაზელები კი საყრდენ პერიმეტრს გააკონტროლებენ. ყოველ შემთხვევაში, "გაძეტა" ასე ვარაუდობს და ვნახოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზი.

სხვა მატჩებიდან "უდინეზეს" გენუაში სტუმრობა და "იუვენტუსის" "კალიარისთან" საშინაო დაპირისპირება უნდა გამოვყოთ. ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამი ქულა ჩაიწერონ აქტივში და კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები. მით უმეტეს, "მილანს" ურთულესი მატჩი აქვს და ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი მათგანი ერთპიროვნულადაც ჩაუდგეს სატურნირო ცხრილს სათავეში. თუმცა, რა დროს ცხრილი და ლიდერობაა, წინ ხომ მილანური დერბია...

სერია A. XVIII ტური
დღეს:
კატანია-რომა
დისკვალიფიკაცია: მარკეზე, ბიაჯანტი (კატანია).
ტრავმა: ლანცაფამე - ოსვალდო, კასეტი, ბურდისო.

ხვალ:
ლაციო-ატალანტა
დისკვალიფიკაცია: ბიძარი (ლაციო).
ტრავმა: ცანა, კოზაკი, მაკინვა, მათუზალემი, ბროკი, კონკო, მაური - კაპელი, ბრიგი, მანფრედინი, ბელინი.

ჩეზენა-ნოვარა
დისკვალიფიკაცია: ლაურო (ჩეზენა).
ტრავმა: ჯოკოვიჩი, მალონგა, მარტინიო - ლუდი, ჯორჯი, პეშე, ლიზუძო.

კიევო-პალერმო
ტრავმა: ერნანდესი, ზაჰავი, პიზანო, ასკუა (პალერმო).

ფიორენტინა-ლეჩე
დისკვალიფიკაცია: ოდო (ლეჩე).
ტრავმა: კროლდრუპი, ბაბაქარი - ჯანდონატო, შტრასერი, ბერტოლაჩი, მესბა, ჟულიო სერჟიო.

ჯენოა-უდინეზე
დისკვალიფიკაცია: მორეტი (ჯენოა).
ტრავმა: კალაძე, დაინელი, ბოვო, ველოზო, ბირსა - ბარეტო, ბადუ, კოდა, ბენეტია, ასამოა.

იუვენტუსი-კალიარი
დისკვალიფიკაცია: კიელინი (იუვენტუსი).
ტრავმა: კვალიარელა - სამპაიო, კონტი, პერიკო, ნენე, ერიკსონი.

პარმა-სიენა
დისკვალიფიკაცია: გალოპა (პარმა).
ტრავმა: მირანტე - ბრკიჩი, ბოლცონი.

მილანი-ინტერი
ტრავმა: ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი - მუნტარი.

ზეგ:
ნაპოლი-ბოლონია
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).
ტრავმა: ლავეცი - კონე, ლორია, დიამანტი.

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 17 11 4 2 37-16 37
2. იუვენტუსი 17 10 7 0 27-10 37
3. უდინეზე 17 10 5 2 24-10 35
4. ლაციო 17 8 6 3 24-17 30
5. ინტერი 17 9 2 6 27-19 29
6. ნაპოლი 17 7 6 4 32-19 27
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. კატანია 17 5 7 5 20-25 22
9. ფიორენტინა 17 5 6 6 18-15 21
10. კალიარი 17 5 6 6 15-17 21
11. პალერმო 17 6 3 8 19-23 21
12. ჯენოა 17 6 3 8 19-27 21
13. ატალანტა 17 6 8 3 23-21 20
14. კიევო 17 5 5 7 13-20 20
15. პარმა 17 5 4 8 21-31 19
16. სიენა 17 4 6 7 18-16 18
17. ბოლონია 17 5 3 9 16-24 18
18. ნოვარა 17 2 6 9 17-32 12
19. ჩეზენა 17 3 3 11 9-24 12
20. ლეჩე 17 2 3 12 17-34 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
12 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 – კავანი (ნაპოლი); 9 – კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 485 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1