მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპულის" წინ: ყველაფერი წესის მიხედვით
11:34 PM
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპულის" წინ: ყველაფერი წესის მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპულის" წინ: ყველაფერი წესის მიხედვით

პრემიერლიგის მატჩების დაწყებამდე ეს კეთილი ტრადიცია დიდი ხნის წინ დამკვიდრდა - ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს ართმევენ, თითქოს ელემენტარული ჯენტლმენური ადათია.

მარტივია, არა? მაგრამ ამ მარტივმა საქმემ ამ ბოლო ხანებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველი ამ ისტორიათაგან გასული წლის 15 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-8 ტურში "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში მოხდა, როცა ლუის სუარესმა, ისე, რომ არც კი უფიქრია, პატრის ევრას შეურაცხყოფას ვაყენებო, ფრანგს "ნეგრიტოთი" მიმართა, ფრაზით, რომელიც ურუგვაიში სულაც არ ატარებს რასისტულ შინაარსს. ამისთვის ფეხბურთელმა რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც ზუსტად წინა კვირაში მოიხადა.

ერთ კვირაში "ქუინზ პარკი"-"ჩელსის" მატჩი შედგა, სადაც ჯონ ტერიმ ანტონ ფერდინანდს რანაირად მიმართა ჯერ არავის დაუდგენია და დაადგენენ თუ არა ჯერ კიდევ საკითხავია. ფეხბურთელი კი ჩივის, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი კანის ფერი არ მოეწონაო.

ახლა რაც შეეხება "ხელის ჩამორთმევის პრობლემას": "ქუინზ პარკი" "ჩელსის" ცოტა ხნის წინაც შეხვდა. ანტონ ფერდინანდმა ტერისთვის ხელის გაწვდენა წინასწარ იუარა. თუმცა ერთი კვირის მერე, როცა "ჩელსი" ანტონის ძმის რიო ფერდინანდის "მანიუს" უნდა შეჯახებოდა, ასოციაციამ რიო გააფრთხილა, თუკი შენი ძმასავით მოიქცევი, დაგსჯითო. ტერი მოედანზე მუხლის ტრავმის გამო ვერ გამოვიდა.

ხელის ჩამორთმევა არ შედგა. თუმცა, ხომ გახსოვთ, ფერდინანდებისა და ტერის გარდა ჩვენ ერთი დაპირისპირებული წყვილიც გვყავს - ევრა-სუარესი. ხვალ, 11 თებერვალს, ამათი გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ ხვდებიან. ასოციაცია წინასწარ აცხადებს, რომ ტრადიციას ვერ გადაუხვევს და ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი... ისე ასეთი რამ არ თქმულა, მაგრამ რაკი ის ამის გამო ფეხბურთელს ერთხელ უკვე დაემუქრა სასჯელით, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ასეც მოიქცევა.

რას ფიქრობენ ფეხბურთელები? საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები ლაპარაკობენ. აი, რა თქვა კენი დალგლიშმა: "ვიცი, რომ ხალხი ლუის სუარესზე კიდევ ლაპარაკობს, მაგრამ მთავარია, რომ მან დისკვალიფიკაცია პატიოსნად მოიხადა და ორშაბათს "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა.

ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ამ საკითხს ხაზი გადავუსვათ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან გავაგრძელოთ. გულშემატკივარი სპეციალურად ელოდება ხელის ჩამორთმევის ცერემონიალს. მე და ლუისმა უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე და ვიცი, რომ ის პარტრის ევრასაც და "მანიუს" სხვა ფეხბურთელებსაც ხელს აუცილებლად გაუწვდის".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 482 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1