მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » ლამი ტიტულს ითხოვს, ოღონდ... 2016 წლამდე!
9:07 PM
ლამი ტიტულს ითხოვს, ოღონდ... 2016 წლამდე!

2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი, 2010 წლის მუნდიალზეც მესამე ადგილი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე მეორე პოზიცია - გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, საფეხბურთო გერმანია ევრო 2012-ზე ნაკრებისგან მხოლოდ ტიტულს ითხოვს, რაც ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, იოახიმ ლიოვისთვის მძიმე წნეხსაც ნიშნავს.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დროა, გერმანიამ ტიტული მოიგოს, გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამიც იზიარებს - განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ „ბაიერნისა" და ბუნდესგუნდის ფლანგის მცველი დიდი ტიტულის მოსაგებად 4-წლიან ვადას აწესებს. მისი თქმით, ბუნდესგუნდი ვალდებულია, სანაკრებო დონეზე ტიტული უახლოესი 4 წლის განმავლობაში მოიგოს...

„დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმის შესახებ, რომ გერმანიას ოქროს თაობა ჰყავს. ცხადია, ეს იმის დამსახურებაა, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, დიდ ტურნირებზე ძალიან კარგად ვთამაშობთ და მინიმუმ ნახევარფინალში გავდივართ, მაგრამ თუ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ტიტულს ვერ მოვიგებთ, დღევანდელ შემადგენლობას ოქროს თაობად აღარავინ მოიხსენიებს და ჩვენ ისტორიაში ამ საპატიო წოდებით ვერ შევალთ," - აცხადებს ლამი „ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა გერმანიის ნაკრების 28 წლის კაპიტანი არ მალავს, რომ შესანიშნავი თაობისგან შედეგს წელსვე, პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ელის.

„ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ულაპარაკოდ შეუძლია ფინალში გასვლა და მეტსაც გეტყვით: არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კაყოფილი იმით, რომ ფინალი ვერ მოვიგოთ," - ამბობს ლამი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2008 წლის ფინალის შემდეგ, რომელიც გერმანიამ ესპანეთთან წააგო, ბუნდესნაკრების ფეხბურთელებმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე ფანებთან ერთად იზეიმეს, რაც საფეხბურთო გერმანიის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თვალში ცუდად მოხვდა. სწორედ მაშინ აუმხედრდა გერმანიის ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი მიხაელ ბალაკი სამწვრთნელო შტაბს და საფეხბურთო კავშირს - წაგებული ფინალის შემდეგ ზეიმი არ გამიგიაო...

იმ განცხადებით, რომ ფინალში გასვლისა და იქ დამარცხების შემთხვევაში ბუნდესგუნდის არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კმაყოფილი, ლამი ადასტურებს, რომ ლიოვის გუნდს ევროპის ჩემპიონობა მოეთხოვება, მაგრამ ფინალის წაგების სცენარიც დასაშვებად მიაჩნია.

ფილიპის აზრით, „ბაიერნმაც" პროგრესი განიცადა, თუმცა მარცხენა მცველი რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ ავალდებულებს: „ფაქტია, რომ „ბაიერნი" წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო, მაგრამ საკმარისია თუ არა ეს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ „ბარსელონას" და „რეალს" პოტენციალით ძალიან მივუახლოვდით."

გარდა ამისა, ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში ლამმა ისიც თქვა, რომ „ბაიერნიდან" წასვლაზე არ ფიქრობს:

„ადრე მართლაც ვფიქრობდი იმაზე, რომ კარიერას საზღვარგარეთ გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. ახლა კარიერის საუკეთესო ასაკში ვარ და მიუნხენიდან აბარგებას ნამდვილად არ ვაპირებ. ზოგადად, რატომ არ უნდა დავასრულო კარიერა მიუნხენში? „ბაიერნი" ხომ ჩემი მშობლიური კლუბია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში!"

შეგახსენებთ, რომ ლამს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. 2016 წელს ფილიპი 32 წლის იქნება და როგორც ამბობს, ფეხბურთის თამაშს მინიმუმ 34 წლამდე აპირებს...



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 435 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1