მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » იტალიის თასი. 1/2 ფინალი: პირველი მატჩები
11:44 PM
იტალიის თასი. 1/2 ფინალი: პირველი მატჩები

იტალიის თასი. 1/2 ფინალი: პირველი მატჩები

მიმდინარე სეზონში, "მილანმა" პრაქტიკულად ვერც ერთი დიდი მატჩი ვერ მოიგო და ეს ტრადიცია "იუვენტუსთან" სათასო შეხვედრაშიც გაგრძელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასიმილიანო ალეგრიმ ნაცადი ტაქტიკა, 4-3-1-2 აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად სტეფან ელ შაარავი გაამწესა, მათ უკან კი კლარენს ზეედორფი მოქმედებდა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ანტონიო კონტემ სიტყვა შეასრულა და ძირითად შემადგენლობაში ალესანდრო დელ პიერო და მარკო ბორიელო გაამწესა. სასტარტოში იყო "იუვეს" ახალწვეული სიმონე პადოინიც, რომელმაც მთლიანობაში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

გამომდინარე იქიდან, რომ თასის ნახევარფინალური რაუნდი ორმატჩიანია, გოლის გასატანად საქმე უფრო "მილანს" ჰქონდა - სწორედ ამიტომ, მასპინძლები უფრო აქტიურად უტევდნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. დროის სვლასთან ერთად, "მილანი" უფრო დიდი ძალებით მიდიოდა წინ და საბოლოოდ, ამან გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი - მასპინძლებმა ზონები მოაშიშვლეს, კონტრიერიშებისთვის სტუმრებს ძალიან კარგი პლაცდარმი მისცეს და დაისაჯნენ კიდეც.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ტურინელებმა მეტოქის კართან მასირებული იერიში მიიტანეს - მილანელთა კიპერმა მარკო ამელიამ შორეული დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას მარტინ კასერესმა დაასწრო და ტურინული გუნდი დააწინაურა, 0:1.

"მილანის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მასპინძლები კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდნენ წინ - ამან შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სტუმართა საჯარიმოში ჩაკიდული ბურთი მასიმო ამბროზინიმ თავით სტეფან ელ შაარავის დაუგდო და მანაც ერთი შეხებით მოათავსა მარკო სტორარის კარის ჩარჩოში, 1:1. საყაიმო ანგარიში მაინც ტურინელებს აძლევდათ ხელს და ამიტომ, თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა.

"მილანი" განაგრძობდა მასირებულ იერიშებს, ტურინელები კი ჩასაფრებულები იყვნენ და კონტრშეტევებით კბენდნენ მეტოქეს - საბოლოოდ, სწორედ პიემონტელებს გაუმართლათ და 83-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს: გოლი ისევ მარტინ კასერესმა გაიტანა, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და მარკო ამელია უშანსოდ დატოვა, 1:2.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი უხასიათოდ იყო, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ მის გუნდს ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს: "მდგომარეობა გავირთულეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თასისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. წინ განმეორებითი მატჩია, რომელშიც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორი თანაბარი ძალის გუნდია, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბოლო პერიოდში, მართლაც ბევრი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა - მთელ სეზონს სტაბილურად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ, სადღაც პატარა ჩავარდნა ყოველთვის გაქვს, მით უმეტეს, როდესაც ნახევარი შემადგენლობა დაშავებულია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთYდა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ".

პრესას არც ანტონიო კონტემ დაწყვიტა გული და ბოლოს სწორედ მას მოვუსმინოთ: "ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით, წინ კი კიდევ უფრო რთული, განმეორებითი პაექრობა გველოდება. ასე რომ, ზეიმი და გადამწყვეტ მატჩზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. რაც შეეხება შეხვედრას, მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, რადგან ნათლად დავინახე, რომ რიტაციის გამოყენება მომავალშიც თავისუფლად შემიძლია და თანაც, სრულიად უმტკივნეულოდ. ჩვენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სწორედ გადახალისებული შემადგენლობით დავამარცხეთ და თანაც, მისსავე მოედანზე.

კარგად წარმოაჩინეს თავი ახალწვეულებმა, სიმონე პადოინმა საოცრად სწრაფად აუღო ალღო "იუვეს" სათამაშო ფილოსოფიას, მარტინ კასერესმა კი მართალია დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ შეტევაში გაიბრწყინა. მარტინი უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია, მას დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც - პრინციპში, ამადაც გადმოვიყვანეთ "იუვენტუსში" და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".

მილანი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 კასერესი (53), 1:1 ელ შაარავი (62), 1:2 კასერესი (83).


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 460 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1