მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » იტალია. სერია A. XXII ტურის წინ: რა იქნება და როგორ, ღმერთმა უწყის
4:12 PM
იტალია. სერია A. XXII ტურის წინ: რა იქნება და როგორ, ღმერთმა უწყის

იტალია. სერია A. XXII ტურის წინ: რა იქნება და როგორ, ღმერთმა უწყის


იტალიაში უამინდობაა და ბოლო ინფორმაციით, XXII ტურის ერთი შეხვედრა უკვე გადაიდო. ლაპარაკია დღეს დაგეგმილ პაექრობაზე, რომელიც ჩეზენაში უნდა გამართულიყო. ყველაზე უფრო დიდი საფრთხე თავიდანვე ”ჩეზენა”-”კატანიას” ჯახს ემუქრებოდა, რადგან პატარა ქალაქში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს გადააჭარბა.

მართალია, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ როდესაც თოვლი არ წყდება, უკვე გადაუჭრელი პრობლემა იქმნება.

ეგ კი არა, თითქმის მთელ იტალიაში ძლიერი ყინვაა და ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ”ლეგა კალჩომ” ღამის მატჩების დღის საათებში გაიმართვა გადაწყვიტა და თითქოს ამით მოაგვარა პრობლემა, ბოლოს კი იძულებული გახდა, რომ ერთი შეხვედრა სულაც გადაედო. ანუ, ”ჩეზენა”-”კატანია” სამომავლოდ გაიმართება.

პრინციპში, გადაიდო ”რომა”-”ინტერის” დაპირისპირებაც, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით - ტურის ერთ-ერთი ცენტრალური ჯახი დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ ყბადაღებული დიდთოვლობის გამო, ერთი დღით გადაწიეს. რადგან მატჩი უქმეების ფარგლებში იგეგმება, ამ ფაქტს ნუღა მივაქცევთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტურის წინასიტყვაობაზე გადავიდეთ.

მართალია, ამ ეტაპზე არც ”ინტერი” და მით უმეტეს, არც ”რომა” სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტთა შორის არ განიხილებიან, მაგრამ ამ ორი გუნდის დაპირისპირება მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ორივე გუნდისთვის გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - მხოლოდ სამი ქულა შეუნარჩუნებს მინიმალურ შანსს მილანელებს, რომ სადღაც გულის სიღრმეში კვლავ იოცნებონ ჩემპიონობაზე და ანალოგიურად, მხოლოდ გამარჯვება თუ გაუჩენს იმედს ”ჯალოროსის” რომ სამეულში შეაჯიბოს. ამასთან, ბოლო თამაშები გუნდებმა ჩააგდეს და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე.

”გაძეტა დელო სპორტის” ვერსიით, მიუხედავად სარდინიული მარცხისა, ლუის ენრიკე შემადგენლობაში ცვლილებებს არ მოახდენს და ”ინტერს” კვლავ ნაცადი შემტევი ტრიოთი დაუპირისპირდება: ფრანჩესკო ტოტი, ფაბიო ბორინი, ერიკ ლამელა. შუახაზში ფერნანდო გაგო, მირალემ პიანიჩი და ფაბიო სიმპილისიო გაირჯებიან. ეს უკანასკნელი აშკარად არ არის ოპტიმალურ ფორმაში, წონაშიც კი საგრძნობლად აქვს დასაკლები, მაგრამ რატომღაც ესპანელი მწვრთნელის ნდობით სარგებლობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვესლი სნეიდერიც ტრავმირებულია და რიკი ალვარესიც, კლაუდიო რანიერი ტაქტიკას შეცვლის და 4-3-1-2-დან კლასიკურ 4-4-2-ზე გადავა. შეტევაში ჯამპაოლო პაცინი და დიეგო მილიტო გაირჯებიან, ნახევარდაცვაში კი შემდეგი ოთხეული იმოქმედებს: მარჯვნივ ძანეტი, მარცხნივ ნაგატომო, ცენტრში კი პოლი-კამბიასოს ტანდემი. კლაუდიო რანიერიმ პრესასთან ურთიერთობისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ ლუის ენრიკემ არ დაგვამადლა მცირე კომენტარი:

”ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერთა მარაქას უკვე ძალიან ჩამოვრჩებით და შემდეგ, მაღალ მიზნებზე ფიქრი გაგვიჭირდება. განვლილი წარუმატებლობიდან დასკვნები გვაქვს გამოტანილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ყველაფერი კარგად იქნება”.

არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება ”სან სიროზე”, სადაც ”მილანი” ”ნაპოლის” უმასპინძლებს. ”რომასი” არ იყოს, თუ ნეაპოლელები ჯერ კიდევ ფიქრობენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, ლომბარდიიდან ხელმოცარულნი არ უნდა დაბრუნდნენ - რაც შეეხება ”მილანს”, გუნდს მცირე ჩავარდნა აქვს და ამას უკვე თვით მასიმილიანო ალეგრი ადასტურებს.

”როსონერის” მთავარი მწვრთნელი არ მალავს, რომ მისი გუნდი ისეთ თამაშს ვეღარ აჩვენებს, რომლითაც გასულ სეზონში სკუდეტო მოიპოვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმიანობაა და ამ მხრივ, ”მილანი’ ყველაზე დაჩაგრულია მიმდინარე ჩემპიონატში - ალეგრის პრობლემები შეტევაშიც მოეძალა და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდის განაცხადში შვიდი ფორვარდია.

ანტონიო კასანოს ამბავი ყველას კარგად მოგეხსენებათ; ალეშანდრე პატო ჯანმრთელი როდის ყოფილა და ამ დროისთვისაც დაშავებულია; რობინიოს ბოლო დროს გამთამაშებლის პოზიციაზე უწევს თამაში, რადგან კლარენს ზეედორფს ასაკი აღარ უწყობს ხელს, კევინ პრინს ბოატენგი კი ტრავმირებულია; ფილიპო ინძაგი 38 წლის გახლავთ და ალეგრის ათვალწუნებული ჰყავს, მაქსი ლოპესი კი სულ ახლახანს გადავიდა ”მილანში” და გუნდთან ადაპტაციას საჭიროებს; მოკლედ, ალეგრისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ძირითად შემადგენლობაში სტეფან ელ შაარავის დაყენებაა, რომელიც რა თქმა უნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუწყვილდება.

ამ მხრივ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვალტერ მაძარი, რომელიც მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, პაოლო კანავაროს მოისაკლისებს. ბოლო პერიოდში, მუდმივად დარღვეული იყო დიდი შემტევი ტრიო, რადგან ხან ჰამშიკი გახლდათ დისკვალიფიცირებული, ხან კავანი დამტვრეული და ხანაც ლავეცი ორივე ერთად. ამჯერად, სამივე ჯანმრთელადაა და სამივეს აქვს თამაშის უფლება, რაც სამხრეთელთა მთავარ მწვრთნელს ოპტიმიზმით აღავსებს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ნეაპოლელთა მოლოდინი.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტი საკუთარ მოედანზე ”სიენას” უმასპინძლებს. ”იუვენტუსის” მიზანი რა თქმა უნდა სამი ქულის მოპოვება და ამაზე ამახვილებს ყურადღებას ანტონიო კონტე:

”ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან შესანიშნავი შანსი მოგვეცა კონკურენტებს კიდევ უფრო გავუსწროთ. ”სიენა” კერკეტი გუნდია, რომელიც ძალიან ორგანიზებულად იცავს თავს და მწვავედ უტევს. ამასთან, ვერასდროს გაიგებ თუ ვისგან უნდა ელოდო ხიფათს და ვინ გაიბრწყინებს ტოსკანელთა შემადგენლობაში. ამიტომ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა”.

პრესასთან კომენტარი ანდრეა პირლომაც გააკეთა და განაცხადა, რომ სკუდეტოს ის გუნდი მოიგებს, რომელიც ”სიენას” კალიბრის მეტოქეებთან ქულებს არ დაკარგავს:

”სწორედ ამას გვეუბნება ანტონიო კონტე და ამაში მას 100%-ით ვეთანხმები. პრინციპში, ისევე როგორც ყველაფერში. საერთოდ, კონტე პირადად ჩემთვის აღმოჩენაა, ნამდვილად არ მეგონა თუ ის ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი იყო, რადგან სამწვრთნელო კარიერა ახალი დაწყებული აქვს. ”იუვეს” წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ანტონიოა და ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ”.

პირლო რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში იქნება და შუა ხაზს არტურო ვიდალთან და კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად გაამაგრებს. რაც შეეხება წინა ხაზს, იქ სიმონე პეპეს, მირკო ვუჩინიჩს და ალესანდრო მატრის ვიხილავთ. კონტე როტაციას განგრძობს და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს აღნიშნული სამეული.

ვნახოთ, რა მოხდება იტალიურ მინდვრებზე, თუ ამის საშუალება ამინდმა მოგვცა...

იტალია. სერია A. XXII ტური
ჩეზენა-კატანია (გადაიდო)

ხვალ:
ჯენოა-ლაციო 15.30
ტრავმა: როსი, ველოზო, ანტონელი, ბოვო - ბროკი, კოზაკი, მაკინვა, ალფარო, ცანა, მაური, დიასი.

რომა-ინტერი 18.00
ტრავმა: კასეტი, დე როსი, ოსვალდო, ბურდისო - სნეიდერი, რ. ალვარესი, სტანკოვიჩი, ფორლანი, ფარაონი, გუარინი.

მილანი-ნაპოლი 18.00
ტრავმა: ბოატენგი, ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი, გატუზო, პატო, მერკელი, შტრასერი - კანავარო.

კიევო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი (კიევო).
ტრავმა: სანტაკროჩე (პარმა).

ფიორენტინა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: ოლივერა - დანილო.
ტრავმა: კროლდრუპი, ხარჯა - ფაბრინი, კოდა, ბარეტო, პინცი.

იუვენტუსი-სიენა 18.00
ტრავმა: ბრკიჩი, ბოლცონი (სიენა).

ლეჩე-ბოლონია 18.00
ტრავმა: ფალკონე, ჟულიო სერჟიო - კონე, ლორია, პულცეტი.

ნოვარა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: რადოვანოვიჩი - კოსუ.
ტრავმა: ლუდი, კოსერი, მორიმოტო, მარიანინი - სამპაიო, ნენე, ერიკსონი, არიაუდო.

პალერმო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: დენისი (ატალანტა).
ტრავმა: ერნანდესი, ბაჩინოვიჩი - ფრეძოლინი, ბელინი, კაპელი.

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 20 12 8 0 33-13 44
2. მილანი 21 13 4 4 43-19 43
3. უდინეზე 21 12 5 4 31-17 41
4. ლაციო 21 11 6 4 32-19 39
5. ინტერი 21 11 3 7 34-25 36
6. რომა 20 9 4 7 31-25 31
7. ნაპოლი 21 7 9 5 36-24 30
8. პალერმო 21 8 4 9 30-31 28
9. ჯენოა 20 8 3 9 28-36 27
10. კიევო 21 7 6 8 18-26 27
11. კალიარი 21 6 8 7 20-22 26
12. ფიორენტინა 20 6 7 7 20-17 25
13. პარმა 20 6 6 8 25-33 24
14. კატანია 19 5 8 6 22-28 23
15. ატალანტა 20 7 8 5 24-25 23
16. ბოლონია 20 5 6 9 18-26 21
17. სიენა 20 4 7 9 21-22 19
18. ლეჩე 21 4 4 13 22-38 16
19. ჩეზენა 21 4 4 13 13-31 16
20. ნოვარა 21 2 6 13 19-42 12

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი).

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 525 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1