მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » გიორგი მერებაშვილი: "დინამოში" ადაპტაცია ნამდვილად არ მჭირდება
11:11 PM
გიორგი მერებაშვილი: "დინამოში" ადაპტაცია ნამდვილად არ მჭირდება

მოგეხსენებათ, გუშინ "დინამო არენაზე" "დინამოს" ხელმძღვანელობამ ირაკლი ძარიასთან ერთად გიორგი მერებაშვილი წარადგინა, რომელიც "ვოივოდინადან" დაბრუნდა მშობლიურ კლუბში.

დღეს ის სერბეთში იმყოფება, რათა "ვოივოდინას" ხელმძღვანელობას და ნოვი სადს დაემშვიდობოს, ამის შემდეგ კი ორიოდ დღეში ესპანეთში გაემგზავრება, სადაც უკვე გუნდს შეურთდება. ჩვენ დავუკავშირდით გიორგის და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

- გიო მოგილოცავ "დინამოში" დაბრუნებას, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შენ უბრუნდები შენს ოჯახს, საინტერესოა შენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.

- პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას, ზურაბ პოლოლიკაშვილსა და მთლიანად "დინამოს" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ დიდი ინტერესი გამოთქვეს ჩემს მიმართ, მართლაც, რომ ბედნიერი ვარ იმით, რომ საკუთარ ოჯახში დავბრუნდი. რაც შემეხება მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობის და ასევე გულშემატკივრების იმედები გავამართლო და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- არერთი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა შენით, მათ შორის, გერმანული, ჰოლანდიური და სხვა ევროპული ქვეყნის კლუბები, რატომ არ შედგა შენი ევროპულ გუნდში გადასვლა?
- ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რომელ კლუბში გადავიდოდი. მე "ვოივოდინასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა და აქედან გამომდინარე პირველ რიგში კლუბი, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა "ვოივოდინას" უნდა მოლაპარაკებოდა, თუმცა რამდენიმე თუ არა ყველა ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო არ შედგა და გარკვეულწილად მეც ვერაფერს ვწყვეტდი.

- ბოლოს კი უკრაინული "კარპატიც" აქტიურობდა.
- რა თქმა უნდა ეს ტრანსფერიც, როგორც თითქმის ყველა, ფინანსური შეუთანხმობლობის გამო ჩაიშალა.

- "დინამოში" შენი დაბრუნების შემდეგ გუშინ პირველი ვარჯიში გამართე, ახალ გარემოში, ახალ ფეხბურთელებთან, ახალ ბაზაზე და ახალი ენერგიით, რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?

- გუნდში ჩინებული ატმოსფეროა და დიდად ვისიამოვნე გუშინდელი ვარჯიშით, ადაპტაცია ნადვილად არ დამჭირდება, რადგან ბევრ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია და უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ თავს, გამოვყოფ მწვრთნელის ფაქტორს, რომელმაც კარგად და თბილად მიმიღო, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რათა წარმატებულად ვითამაშო.

- ამჟამად სერბეთში ხარ, ალბათ ნოვი სადის დასამშვიდობებლად ჩახვედი ხომ?
- დიახ, აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ნამდვილად ბევრი კარგი მოგონება მრჩება მათი მხრიდან, ჩამოვედი იმისთვის, რომ კლუბის ხელმძღვანელობას დავემშვიდობო და ასევე მეგობრებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან კონტაქტს გავწყვიტავ. როცა მოვახერხებ აუცილებლად ჩამოვალ ნოვი სადში.

- და ბოლოს, "გლადიატორებს" რას ეტყოდი?
- "გლადიატორებს" უდიდეს მადლობას ვუხდი თბილი სიტყვებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე მათგან "დინამოში" მოსვლის პირველი დღიდან ვგრძნობ. სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ძალიან დიდი სიხარული და დიდი სიამოვნება მივანიჭო ჩემი თამაშით.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 450 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1