მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » გია გეგუჩაძე: უკმაყოფილების არანაირი საბაბი არ არსებობს
11:42 PM
გია გეგუჩაძე: უკმაყოფილების არანაირი საბაბი არ არსებობს

გუშინ ანთალიაში ქუთაისის "ტორპედო" მორიგ საკონტროლო მატჩში აზერბაიჯანულ "სიმურგს" 1:1-ზე გაეყარა.

"ტორპედო": ქვილითაია (კუპატაძე 65) - რიგვავა, გამეზარდაშვილი, მირცხულავა (შერგელაშვილი 59), გურული - ფირცხალავა (საბანაძე 75) - კუხიანიძე, ბოლქვაძე -ჯანელიძე, რეხვიაშვილი (ქუცურუა 57), კემუხტაშვილი (იოსელიანი 65).

"ტორპედოს" ვებგვერდის ცნობით, პირველ ტაიმში დათა რიგვავას და გიორგი რეხვიაშვილს ჰქონდათ გატანის რიგიანი შანსი. მეორე ტაიმში "სიმურგის" მეკარე ჯერ ლაშა კემუხტაშვილის დატყმულს გადაეღობა, მერე კი - რიგვავასას. აზერბაიჯანელებმა კი მეტოქის დაცვის პოზიციური შეცდომით ისარგებლეს და 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს - გოლი ტოფიკ მიხაილოვმა გაიტანა 53-ე წუთზე.

"ტორპედომაც" პენალტით გაათანაბრა. გივი იოსელიანის აქტიურობა იმით დაფასდა, რომ 71-ე წუთზე დავით გამეზარდაშვილმა 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა.

ქუთაისელებს მოგებაც შეეძლოთ, თუმცა გიორგი ქუცურუამ ძელს გაარტყა ბურთი, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ დავით ჯანელიძეს კი ბურთი ფეხზე აეჭრა.
მომდევნო ტესტ-მატჩს "ტორპედო" 28 იანვარს ითამაშებს პოლონურ "კორონასთან".

აზერბაიჯანის "სიმურგთან" საკონტროლო მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა.

- რა მისცა პირველმა საკონტროლო შეხვედრებმა გუნდს და საერთოდ რა მდგომარეობაა "ტორპედოში"?
- ვთვლი, რომ არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებსაც ბევრი მისცა ამ მატჩებმა. ძალიან ინფორმაციული იყო ეს შეხვედრები ჩვენთვის. რეალურად დავინახეთ გუნდში არსებული დღევანდელი მდგომარეობა - ეს ეხება ფიზმომზადებას, თუ ფეხბურთელების ტაქტიკურ-ტექნიკურ მზადყოფნას.

მომზადების პირობების მხრივ, მთლიანობაში საკმაოდ კარგი ვითარებაა. უკმაყოფილების არანაირი საბაბი არ არსებობს (ცხადია, შედეგს არ ვგულისხმობ). ორივე შეხვედრა საკმაოდ დიდი დატვირთვების ფონზე მიმდინარეობდა და ისიც შევძელით, რომ პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით ჩავრთეთ თამაშში.

ხდება ფეხბურთელების შეთამაშება, როგორც ცალკეული რგოლების, ისე მთლიანად გუნდის. არის გარკვეული ხარვეზები და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა, გუნდის თამაშში რაღაც დადებითი მომენტებიც მოჩანს.

- შეიძლება უკვე ითქვას, რომ ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილისთვის გუნდის კომპლექტაცია დასრულდა?
- არავითარი ცვლილება აღარ იგეგმება. ჩვენ ამ ფეხბურთელებით მოგვიწევს სეზონის ჩამთავრება. იმედი მაქვს, რომ მათი კონდიციებიც და მზადყოფნაც, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გუნდი საკმაოდ კარგად გამოვიდეს ეროვნულ ჩემპიონატში.

- 3 თებერვლის სპარინგში მეტოქის ვინაობა ხომ არ დაზუსტდა?
- ჯერჯერობით არა, თუმცა ჩვენი მიმღები მხარე ამ საკითხზე მუშაობს და იმედიანი მალე იმ მეტოქის ვინაობასაც გავიგებთ.

- "სიმურგის" მსგავსად არაგეგმიური მეტოქის გამოჩენასაც ხომ არ გამორიცხავთ?
- არც ესაა გამორიცხული, რადგან ჩვენი სურვილია აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი გამოვცადოთ და მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. თუ ქუთაისში მარტვილის "მერანთან" გამართულ საკონტროლო მატჩს არ ჩავთვლით, ორივე შემადგენლობისთვის, რომელმაც ჯერ "ბრაშოვთან", მერე "სიმურგთან" ითამაშა, ეს პირველი შეხვედრა იყო.

ასე რომ, გუნდის უკეთ შესათამაშებლად, კარგი სპარინგ-მეტოქე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 475 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1