მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის წინ: გრანდების პრობლემები
4:08 PM
ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის წინ: გრანდების პრობლემები

"რეალი" და "ბარსელონა", ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა... არასოდეს გიფიქრიათ, მოუს და პეპს ადგილები რომ გაეცვალათ, რა მოხდებოდა?

წარმოიდგინეთ, "განსაკუთრებული" "ბლაუგრანა" კაშნეთი, გვარდიოლა კი "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში. რომელი გუნდი მოიგებდა და რომელი წააგებდა?

მაგალითად, "ბარსას" ექს-გოლკიპერი ვიტორ ბაია მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე კატალონიური გრანდისთვის შესანიშნავი თავკაცი იქნებოდა. ბაიას აზრით, მოუს მთავარი ღირსება, სამწვრთნელო ნიჭთან ერთად, ისიცაა, რომ იოლად იღებს მისთვის უცხო კულტურას და საფეხბურთო ფილოსოფიას, რომ მას საოცარი ადაპტაციის უნარი აქვს.

ახლა გაისკა მენდიეტას მოვუსმინოთ: "მისი თავგადასავალი "ბარსელონაში" ერთ მშვენიერ დღესაც დასრულდება და გვარდიოლა იგრძნობს ახალი გამოწვევის აუცილებლობას".

მოდით, ეს საფეხბურთო ლირიკა გვერდზე გადავდოთ და მომავალ ტურს მივუბრუნდეთ - ჟოზე მოურინიო ჯერ კიდევ "რეალის" მწვრთნელია და დღეს ის მადრიდულ დერბიზე გაიყვანს "სამეფო კლუბს". ხოსეპ გვარდიოლა კი ბასკურ "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს, ჩემპიონმა ქულები აღარ უნდა დაკარგოს, ისედაც 5 ქულით ჩამორჩება "რეალს".

* * *
ბასკებთან მატჩის წინ საფიქრალი არ ელევა გვარდიოლას, რომლის გუნდმაც ახლახან თასზე დიდი ბრძოლა გადაიტანა და სასურველ ფრეს მიაღწია "მესტალიაზე" (თუმცა მსაჯმა ვერ შეამჩნია, რომ ხოსე პინტომ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და პირისპირ გასვლა ასე ჩაშალა), მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით გუნდს არ დაუსვენია და ვერც დაშავებულები გამოუჯანმრთელდნენ.

პედრო და ანდრეს ინიესტა ისევ ვერ ითამაშებენ, ისევე როგორც ადრე დაშავებულები: დავიდ ვილია, ანდრეუ ფონტასი და იბრაჰიმ აფელაი, სეიდუ კეიტა ისევ აფრიკის თასზეა. ერთადერთი, ჩილელმა ალექსის სანჩესმა საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა და "რეალ სოსიედადთან" ითამაშებს. კოპაზე დანი ალვეში შეცვლაზე შევიდა, ახლა ბრაზილიელი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება.

ფილიპ მონტანიესაც ჰყავს დაშავებულები. ასიერ ილარამენდი უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს, თითქმის ბოლომდე მორჩა ალბერტო დე ლა ბელა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ეს დუეტი ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, კიდევ ერთი მცველი, ვადიმ დემიდოვი გამოჯანმრთელდა.

სხვათა შორის, ამ გუნდების ბოლო შერკინება 2:2 დასრულდა, "ანოეტაზე" ბასკები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ მებრძოლი სული გამოავლინეს. "ჩური ურდინმა" ("რეალ სოსიედადის" მეტსახელია) ამ სეზონში "ბარსაზე" 37 გოლით ნაკლები გაიტანა!

ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - მესი, ფაბრეგასი, სანჩესი.

* * *
"რეალი" "ხეტაფეს" ესტუმრება და, არა გვგონია, მასპინძლებმა იოლად რამე დათმონ. ლუის გარსიას გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, "ხეტაფე" ცხრილის ზედა ნაწილშია. ლუის გარსიას გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დანი გუისა და ანტონიო ლოპო დააკლდებიან.

ტრავმა აქვს რაფას. "ხეტაფეს" ბოლო 6 ტურია, არ წაუგია, აქედან 4 სულაც მოიგა. სხვათა შორის, "ხეტაფე" ერთადერთია, რომელმაც ამ სეზონში "ბარსა" დაამარცხა და, რატომაც არა, მადრიდული კლუბი "რეალის" დამარცხებასაც შეეცდება.

მოურინიოს გასაჭირიც, გვარდიოლასი არ იყოს, ტრავმებია - სამი ხედირა და ანხელ დი მარია ჯერ ვერ მომჯობინდნენ (თუმცა ბოლო ინფორმაციით, არგენტინელს თამაშის შანსი აქვს), ახლახან დამტვრეულებიდან კი ჩაბი ალონსომ შეძლო გამოჯანმრთელება, მარსელომ კი - ვერა. დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა სერხიო რამოსმა.

რეალი (სავარაუდო): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, კოენტრაო - გრანერო, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

* * *
ტური, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო მატჩით იხსნება - "სან მამესზე" ჩემპიონთა ლიგის საგზურის ნამდვილი მოცილეები ხვდებიან ერთმანეთს, "ბილბაო" მე-5 ადგილზე მყოფ "ესპანიოლს" მასპინძლობს.

სიტყვა ნამდვილი იმიტომ ვახსენეთ, რომ მეოთხეადგილოსანი "ლევანტეს" ამბიციების არ გვჯერა. მით უფრო, რომ ვალენსიური კლუბი ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობს და მისი ჩამოქვეითება დროის საკითხად მიგვაჩნია.

ბილბაოელებს ყველა ძირითადი ფეხბურთელი ჯანზე ჰყავთ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ უბრუნდებათ უნივერსალი ოსკარ დე მარკოსი.

"ესპანიოლს" სამი მოწინავე ფორვარდი ჰყავს ტრავმირებული: ალვარო ვასკესი, სერხიო გარსია და ვალტერ პანდიანი. ასე რომ, ახალწვეული კალუ უჩე ეგრევე სასტარტოში მოხვდება. სხვათა შორის, პორტუგალიელი ფორვარდი რუი ფონტეც დაშავებულია, მაგრამ მას თამაშის შანსი მაინც აქვს. სტუმართა ნახევარდაცვის ლიდერი ჟოან ვერდიუს თამაში გრიპის გამო საეჭვოა.

"სან მამესზე" ბასკთა ბოლო რეკორდი ასეთია - 5 მატჩი ზედიზედ მოგება, 12:1 ბურთების სხვაობა.

* * *
ტურში კიდევ სამ მატჩს გამოვყოფთ: "სევილია" "ვილიარეალს" მასპინძლობს, კვირის ბოლო შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება - "ატლეტიკო" "ვალენსიას" წინააღმდეგ. ორშაბათს კი ტური ანდალუსიური დერბით სრულდება: "გრანადა" "მალაგას" მასპინძლობს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
დღეს
ბილბაო-ესპანიოლი 21:00
ტრავმა: კასტილიო, ოსიო, გაბილონდო, გურპეგი - ა. ვასკესი, ს. გარსია, მარკესი, პანდიანი, მატიონ, ალვარესი

ლევანტე-რასინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: ტონიო, გონსალესი (რას)
ტრავმა: ბარკერო, ნავასი, ხუანლუ - აკოსტა (?), ფრანსისი (?)

მალიორკა-ბეტისი 21:00
დისკვალიფიკაცია: ავატე - ნაჩო
ტრავმა: ლაკრუსი - ამაია, ვადილიო

ხეტაფე-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: გუისა, ლოპო (ხეტ)
ტრავმა: პედრო ლეონი, ლოპესი, მიჩელი (?), უსტარი (?) - დი მარია (?), ჩაბი ალონსო (?), მარსელო, ხედირა

ბარსელონა-სოსიედადი 01:00
ტრავმა: ვილია, კეიტა, პედრო, ინიესტა, აფელაი, ფონტასი - აგირეჩე, ილარამენდი, დე ლა ბელა (?), ზურუტუზა (?)

ხვალ
სპორტინგი-ოსასუნა 15:00
ტრავმა: არავინ - იბრაჰიმა, როვერსიო, რუბენი, მასუდი, ეჩაიდე, სოლა

სევილია-ვილიარეალი 21:00
ტრავმა: ალექსისი (?), ლუნა (?), რეიესი (?), სპაჰიჩი (?), ნეგრედო (?) - კატალა, როსი, რუბენი, ვაკასო

სარაგოსა-ვალეკანო 22:45
ტრავმა: მატეოსი, ტომასი (?) - ხიმენესი, ტამუდო, ლ. ბანგურა (?), პაჩეკო, არმენტეროსი

ატლეტიკო-ვალენსია 00:30
დისკვალიფიკაცია: ფეგული, ტ. კოსტა (ვალ)
ტრავმა: ა. ლოპესი - კანალესი, გუაიტა (?), პ. ერნანდესი (?), მადურო

ზეგ
გრანადა-მალაგა 00:00
დისკვალიფიკაცია: ისკო, ს. სანჩესი (მალ)
ტრავმა: რობერტო (?) - ხოაკინი, რუბენი (?), ბაპტიშტა, ნისტელროი (?)

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 20 17 1 2 70-19 52
2. ბარსელონა 20 13 6 1 59-12 45
3. ვალენსია 20 10 6 4 31-22 36
4. ლევანტე 20 9 4 7 26-24 31
5. ესპანიოლი 20 9 4 7 22-21 31
6. ბილბაო 20 7 8 5 30-25 29
7. ატლეტიკო 20 8 5 7 31-27 29
8. მალაგა 20 8 4 8 24-29 28
9. ხეტაფე 20 7 6 7 22-26 27
10. ოსასუნა 20 6 9 5 22-32 27
11. სევილია 20 6 8 6 21-22 26
12. სოსიედადი 20 6 6 8 22-28 24
13. ბეტისი 20 7 2 11 23-29 23
14. ვალეკანო 20 6 4 10 23-31 22
15. მალიორკა 20 5 7 8 17-25 22
16. გრანადა 20 6 4 10 14-27 22
17. რასინგი 20 4 9 7 17-25 21
18. ვილიარეალი 20 4 8 8 18-28 20
19. სპორტინგი 20 5 3 12 19-38 18
20. სარაგოსა 20 2 6 12 15-36 12

ბომბარდირები
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 558 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1