მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » დავით თარგამაძე: ბრაზილიელებთან კონკურენციის სულაც არ მეშინია
6:07 PM
დავით თარგამაძე: ბრაზილიელებთან კონკურენციის სულაც არ მეშინია

ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი (მარცხნივ) და დავით თარგამაძე "ილიჩივეცის" შეკრებაზე ერთ ოთახში ცხოვრობენ და ერთად ვარჯიშობენ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი დავით თარგამაძე სულაც არ დაღონებულა, როცა მის "ილიჩივეცში" იჯარით გაშვებასთან დაკავშირებით, უკრანიული გრანდის განზრახვაზე გაუგია.

ამის შესახებ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ვებ-გვერდ "ჩემპიონატ.ქომის" უკრაინულ ვერსიას უთხრა, შემდეგ კი დავითმა მარიუპოლის "ილიჩივეცის" მაისურით პირველი მატჩიც გამართა - ვოლინის "ვორსკლასთან" ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე ის მეორე ტაიმში გამოვიდა და საკმაოდაც იაქტიურა, თუმცა თავისი გუნდი ანგარიშით 0:1 მარცხისგან ვერ იხსნა.

ახლა კი თარგამაძესთან უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს დავუბრუნდეთ, რომლის შესავალი, ვფიქრობთ, თვალის გადავლებად ღირს.

"ჩემპიონატ.ქომ": 22 წლის, აწ უკვე "ოლექსანდრიას" ექს-ნახევარმცველი უკრაინის ჩემპიონატის პირველი ნაწილის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის 2011 წელი სულაც გამორჩეული იყო: ის მყარად დამკვიდრდა ეროვნულ გუნდში, სეზონის მიწურულს კი წამყვანმა უკრაინულმა კლუბებმა მასზე ტაციაობა გააჩაღეს.

შედეგად, ნიჭიერი ნახევარმცველი ახალ წელს "შახტარის" მოთამაშის რანგში შეხვდა, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოღონდაც, იმ პირობით, რომ ჩემპიონატის მეორე წრის ბოლოდმე "ილიჩივეცში" იჯარით ითამაშებს.

- დავით, როგორ შეგხვდნენ მარიუპოლის "ილიჩივეცში"?
- ყველაფერი ბრწყინვალედაა. მარიუპოლს კარგი გუნდი ჰყავს და იქ თბილად და უპრობლემოდ მიმიღეს. ბოლომდე ჯერ ვერ გავშინაურდი, თუმცა შემიძლია თქმა, რომ გუნდში ყველა ჩემი ახალი პარტნიორი გავიცანი.

- მანამდე თუ იცნობდით "ილიჩივეცში" რომელიმე მოთამაშეს?
- მხოლოდ ჩემ თანამემამულე თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ გუნდში მმეურვეობს. შეკრებაზეც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. თორნიკე ძალიან მეხმარება.

- ახლა გაგანია საწვრთნელი შეკრებაა. რით განსხვავდება "ილიჩივეცის" მომზადება ვლადიმერ შარანის "ოლექსანდრიაში" ჩატარებული ვარჯიშებისგან?
- ჯერ-ჯერობით შედარება გამიჭირდება, რადგან იალტაში მხოლოდ სირბილით შემოვიფარგლებოდით. ბურთთან მუშაობა სულ ახლახან დავიწყეთ.

- "ილიჩივეცში" რომელ პოზიციაზე ითამაშებთ?
- ვფიქრობ, ამას ჩვენი მწვრთნელი შეკრებისა და საკონტროლო მატჩების შემდეგ გადაწყვეტს.

- თქვენ სად უფრო გირჩევნიათ?
- ფლანგებზე თამაში ყველაზე მეტად მომწონს - გინდ მარცხნივ, გინდ მარჯვნივ. ცენტრშიც შემიძლია გავისარჯო.

- "ილიჩივეცში" რა ნომრით ითამაშებთ?
- "99". საერთოდ "ცხრიანი" მომწონს, მაგრამ "ილიჩივეცში" ის უკვე დაკავებული დამხვდა.

- არ გეწყინათ, რომ "შახტართან" კონტრაქტის გაფორმებისთანავე, იჯარით "ილიჩივეცში" გაგიშვეს?
- არა, რას ამბობთ. არანაირი წყენა. ეს საკითხი ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე განვიხილეთ. ამასთან, "შახტარის" პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა პირადად მითხრა, რომ უკვე ზაფხულში, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "შახტარში" ვიქნები.

- ბრაზილიელებთან კონკურენცია არ გაშინებს?
- არა, რა თქმა უნდა. პირიქით, მომწონს, როდესაც გუნდში მაღალი კონკურენციაა.

- სანამ "შახტართან" კონტრაქტს გააფორმებდით, ხმები დადიოდა გუნდებზე, რომლებსაც თითქოს თარგამაძის გადაბირება სურდათ. სხვაგან სად შეიძლებოდა წასულიყავით, რომ არა დონეცკელთა წინადადება?
- "შახტარიდან" სატელეფონო ზარის წინ მოსკოვის "დინამოს" ერთერთ ხელმძღვანელთან ვისუაბრე, თუმცა, უფრო კონკრეტული წინადადება სწორედ დონეცკური კლუბისგან იყო.

- "ოლექსანდრიას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლეონიდ ბურიაკმა აღნიშნა, რომ თქვენ კანდიდატურას კიევის "დინამოს" ურჩევდა. კიეველები არ დაგკავშირებიან?
- ამის შესახებ მეც გავიგე, ოღონდ მხოლოდ ჭორის დონეზე.

- ვლადიმერ შარანს თუ ჰკითხეთ რჩევა მომავალ კლუბთან დაკავშირებით, როდესაც "ოლექსანდრიადან" იბარგებოდით?
- ამის შესაძლებლობა არ მომცემია, რადგან არდადეგების პერიოდში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, დავრჩებოდი თუ არა "ოლექსანდრიაში". მასთან მოგვიანებით ვისაუბრე და მივულოცე "კარპატის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა.

- მარიუპოლი არაა შორს დონეცკისგან, სადაც რამდენიმე თვეში გადასვლა მოგიწევთ. სად იცხოვრებთ "ილიჩივეცში" თამაშის პერიოდში?
- აუცილებლად მარიუპოლში ვიცხოვრებ. ახლა ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ "ილიჩივეცს" უკავშირდება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 468 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1