მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » და მაინც... რის მაქნისია მანუელ ნოიერი?
5:35 PM
და მაინც... რის მაქნისია მანუელ ნოიერი?

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა მე-18 ტურში ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვის ობიექტი გახდა. იმის გამო, რომ ამ ამბავს უდიდესი დისკუსია მოჰყვა, გადავწყვიტეთ, ტურის გამოხმაურების მთავარ თემად მეკარეების თემა ავირჩიოთ და მოწინავე ოთხეულის კიპერებზე ვიმსჯელოთ.

"ფანტაზია გივარგათ? წარმოიდგინეთ, მანუელ ნოიერი ახლაც "შალკეში" რომ თამაშობდეს, გელზენკირხენულ კლუბს რამდენიმე ქულით მეტი ექნებოდა და გერმანიის ჩემპიონობის იმაზე უფრო რეალური კანდიდატი იქნებოდა, ვიდრე ახლაა. მე რომ "შალკეში" დავრჩენილიყავი, ჩემთან და ნოიერთან ერთად ამ გუნდს "ვერცხლის სინის" მოპოვების მართლა რეალური შანსი ექნებოდა", - ეს ფელიქს მაგათის ამასწინანდელი სიტყვებია. "დესპოტმა ფელიქსმა" ეს სამი თვის წინ თქვა.

მაშინ, ოქტომბრის ბოლოს "შალკემ" ქულები დაკარგა და თანაც, მეკარე რალფ ფერმანის ბრალეულობით, "ბაიერნი" კი ბუნდესლიგაში დომინირებდა და რეკორდმაისტერისთვის გოლის გატანა ძალიან ძნელი იყო. არა იმიტომ, რომ ნოიერი იდგა მოწოდების სიმაღლეზე - პირიქით, მანუს იმხანად ფაქტობრივად საქმე არ ჰქონდა ხოლმე.

მაინც რა მოუტანა ნოიერის ძალიან ხმაურიანმა ტრანსფერმა "ბაიერნს"? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, არ გვახსენდება მატჩი, რომელშიც მანუმ რეკორდმაისტერი სუპერსეივებით ქულების დაკარგვას გადაარჩინა. სამაგიეროდ, მეხსიერებაში ყველას დიდხანს ჩარჩება ის შეცდომები, რომელიც ნოიერმა ამ სეზონში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" შეხვედრებში დაუშვა - ზუსტად ისე, როგორც პირველ ტურში, "ბაიერნმა" "გლადბახთან" ახლაც მანუს შეცდომის გამო წააგო.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ნოიერმა "ბაიერნს" ამ სეზონში უკვე 6 ქულა დააკარგვინა. წინ ევროპის ჩემპიონატია, გერმანიის ნაკრებში კი ნოიერი შეუცვლელი ფიგურა გახლავთ. ალბათ მანუმ დარჩენილ ტურებში სულ შეცდომები უნდა დაუშვას, ბუნდესგუნდში მეკარის შეცვლაზე რომ დაფიქრდნენ, რაც, ცხადია, არ მოხდება, იმის დრო კი ნამდვილად მოვიდა, რომ სხვა მეკარეებსაც გადავხედოთ.

დავიწყოთ იმით, რომ პარასკევის შემდეგ ნოიერს ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აღარ აქვს გაშვებული. ამ გრაფაში "ბაიერნს" ახლა 13 უწერია - "გლადბახს" კი ერთით ნაკლები, 12 გოლი აქვს მიღებული. განვლილ 18 ტურში ნოიერმა კარი მშრალად 10 მატჩში შეინახა და გოლებს საშუალოდ მხოლოდ 125-წუთიან ინტერვალებში უშვებდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ 10-მატჩიანი უგოლო სერია ნაკლებად იყო თავად მანუს დამსახურება: "შალკედან" 25 მილიონ ევროდ ნაყიდმა ნოიერმა მხოლოდ 31 დარტყმა მოიგერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოიერს საშუალოდ ერთ მატჩში 2-ჯერაც კი იშვიათად ურტყამენ (ლაპარაკია ზუსტ დარტყმაზე).

მას დარტყმების 70 პროცენტი აქვს მოგერიებული, რაც ცუდი არაა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ "ბაიერნის" კარში საშუალოდ ყოველი მესამე ზუსტი დარტყმა გოლით მთავრდება!..

უნერშტალს გაცილებით მეტი საქმე აქვს!
გერმანიის ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეულიდან ყველაზე სუსტი დაცვა "შალკეს" ჰყავს - გელზენკირხენელებმა უკვე 23 გოლის გაშვება მოასწრეს. რალფ ფერმანს, სანამ ტრავმას მიიღებდა, 9 მატჩში 13 გოლი ჰქონდა გაშვებული. მისმა შემცვლელმა ლარს უნერშტალმა კი 10 შეხვედრაში 10 გოლი მიიღო და უკეთესი ბალანსი დააფიქსირა.

ორივეს ერთად, ამ სეზონში 61 დარტყმის მოგერიება მოუხდათ - ორჯერ მეტის, ვიდრე ნოიერს. ამას ისიც ემატება, რომ ფერმანსაც (72 პროცენტი) და უნერშტალსაც (73), დარტყმების მოგერიების მხრივ მანუელზე (70) ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერი და "გლადბახის" კიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კი სულაც კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებიან.

ვაიდენფელერი: ნოიერზე უკეთესი ბალანსი
ვაიდენფელერს "ჰამბურგთან" (5:1 დორტმუნდელთა სასარგებლოდ) ტრავმის გამო არ უთამაშია, მისი შემცვლელი მიტჩელ ლანგერაკი კი გაშვებული გოლის მომენტში ცუდად გამოიყურებოდა. კიდევ კარგი, რომ იმ ერთმა გოლმა "ბორუსიას" ვერაფერი დააკლო - დორტმუნდელებმა "ჰამბურგს" ხომ 5 გოლი გაუტანეს.

დავუბრუნდეთ ვაიდენფელერს: რომანმა გერმანიის მოქმედი ჩემპიონის კარი 17 მატჩში დაიცვა, მშრალად 7 შეხვედრაში შეინახა და 12 გოლი გაუშვა. ამით მას ნოიერზე უკეთესი ბალანსი აქვს. საშუალოდ ერთ მატჩში ვაიდენფელერის კარში ზუსტად 2.5-ჯერ ურტყამდნენ და რომანმა სულ 43 დარტყმის მოგერიება შეძლო, რითაც ნოიერზე მაღლა დადგა: იმ დროს, როცა რეკორდმაისტერის 25-მილიონიანი მეკარე დარტყმების 70 პროცენტს იგერიებს, ვაიდენფელერის შემთხვევაში 78-პროცენტიან შედეგთან გვაქვს საქმე.

გაგიკვირდებათ და ეს ყველაფერი არ არის: არსებობს ვაიდენფელერზე უკეთესიც.

ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარე დღეს ტერ შტეგენია!
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 18 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გასაოცარი შედეგები აქვს. არადა, ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა! "გლადბახის" მეკარეს ჯამში 57 სეივის განხორციელება მოუხდა - იმდენი საქმე ჰქონდა, რამდენიც "შალკეს" ორივე მეკარეს ერთად. მთავარი და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ტერ შტეგენმა მხოლოდ 12 გოლი გაუშვა!

ამით, ახალგაზრდა კიპერს არა მარტო ამ სეზონის რეკორდი ეკუთვნის, არამედ ის ნოიერს სხვა არაერთ კრიტერიუმშიც ჯობნის. ტერ შტეგენი გოლს მხოლოდ 135-წუთიანი შუალედებით უშვებს, საშუალოდ ერთ მატჩში კი სამზე მეტ სეივს აკეთებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, იგერიებს ან იჭერს სამჯერ მეტ ჩაწოდებას, ვიდრე მისი მიუნხენელი კოლეგა.

საერთო ჯამში, ყველანაირი დარტყმების (მათ შორის ჩაწოდებები) 82 პროცენტი "გლადბახის" მეკარის ნადავლი ხდება!

ამ სტატისტიკით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მეკარეა.

კანი ხომ ამბობდა...
სანამ ნოიერს "ბაიერნში" დებიუტი ექნებოდა, რეკორდმაისტერის ლეგენდარული მეკარე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი ოლივერ კანი ამბობდა, "ბაიერნში" აბსოლუტურად ყველა "ერთიანის" თამაში იცვლება ხოლმე, თანაც რადიკალურად და გამონაკლისი არც მანუელი იქნებაო. ოლი ხაზს უსვამდა იმასაც, რომ "ბაიერნში" მეკარეებს საქმე აკლდებათ, რადგან მიუნხენური გრანდის დაცვის ხაზი თითქმის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას, მაგრამ "ბაიერნის" კარის დარაჯებს მერე, ერთ კონკრეტულ მომენტში მოეთხოვებათ ხოლმე ფხიზლად ყოფნა.

"შალკეში" ათასი სეივის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნშიც" აუცილებლად საუკეთესო იქნები - ესეც კანის სიტყვებია.

კითხვაზე, ექნებოდა თუ არა "შალკეს" უფრო მეტი ქულა, ნოიერი გელზენკირხენში რომ დარჩენილიყო, ეს სტატისტიკა ნამდვილად ვერ გვიპასუხებს. პირიქით: ნოერის კვოტები დაეცა! შესაძლოა, მეკარისთვის უკეთესიც კი იყოს ის, რომ ხშირად ურტყან და მუდმივად მობილიზებული იყოს, რადგან უქმად ყოფნა მარტო მეკარეებს კი არა, ზოგადად, ყველას ადუნებს!

ტერ შტეგენს საუკეთესო ბალანსი რომ აქვს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის ნოიერზე უკეთესი მეკარეა, მაგრამ ფაქტია, რომ ის გაცილებით მეტად იწნეხება, გაცილებით მეტს ურტყამენ და ამავდროულად, ნოიერზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.

დაბოლოს: როგორ იქნებოდა მიუნხენელთა საქმეები, ნოიერი რომ არ ეყიდათ? ამისათვის, მანუ რეკორდმაისტერის ყოფილ მეკარეს, თომას კრაფტს უნდა შევადაროთ, რომელიც ახლა "ჰერტას" კარს იცავს:

ნოიერი დარტყმების 70.5 პროცენტს იგერიებს, კრაფტი - 70.3 პროცენტს; ნოიერის ნადავლი 23 ჩაწოდება გახდა, კრაფტის - 35; ნოიერმა მუშტებით 5 ჩაწოდება მოიგერია, კრაფტმა - 8...

მე-18 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-1-2-1-2, კიკერი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია /მ/, II) - მარტინ შტრანცლი (ბორუსია /მ/, II), კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე, II), როელ ბრუვერსი (ბორუსია /მ/, II), ფილიპ დემსი (ბორუსია /მ/, II) - ლარს ბენდერი (ლევერკუზენი, II) - პატრიკ ჰერმანი (ბორუსია /მ/, II), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (ბორუსია /დ/, I) - შინჯი კაგავა (ბორუსია /დ/, IV) - მარკო როისი (ბორუსია /მ/, 7), რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/, 5)

მე-18 ტურის სიმბოლური ნაკრები "კიკერმა" 9 ბორუსიელით (!) დააკომპლექტა. აქედან, 6 მიონხენგლადბახელია, 3 კი დორტმუნდელი. იოლი წარმოსადგენია, რამდენად კარგად ითამაშეს კირიაკოს პაპადოპულოსმა (შალკე) და ლარს ბენდერმა (ლევერკუზენი), ამ კომპანიაში რომ მოხვდნენ.

ტურის გმირი
პატრიკ ჰერმანი (ბორუსია /მ/)
20 წლის პატრიკ ჰერმანს გოლების გატანას არავინ ავალდებულებს - მისი, როგორც მარჯვენა გარემარბის ამოცანა პირველ რიგში ცენტრფორვარდების საგოლე პასებითა თუ ჩაწოდებებით მომარაგებაა. "ბაიერნთან" დუბლი რომ შეასრულა, საფინალო სასტვენის შემდეგ "გლადბახის" ცენტრფორვარდი მაიკ ჰანკე ხუმრობდა, ის ხრიკები ვასწავლე, რასაც მე სიბერის გამო ვეღარ ვიყენებო. ჰერმანი უფრო და უფრო უმატებს: ბოლო 7 მატჩში მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე პასია! დიდი შანსია, რომ პატრიკს დორტმუნდისკენ გეზაღებული როისის შემცვლელი დაარქვან.

საუკეთესო ფეხბურთელები
18 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.22
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
4. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.56
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.58
6. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.58
7. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.71
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.71
9. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.72
10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.72

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 17 15 6 21
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 18 14 7 21
3. მარიო გომესი ბაიერნი 17 16 3 19
4. კლაუდიო პისარო ვერდერი 16 12 7 19
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 17 14 5 19
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 17 8 9 17
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 16 11 5 16
8. რაული შალკე 18 10 5 15
9. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 17 9 3 12
10. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 15 9 2 11

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 595 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1