მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის წინ: ლევერკუზენში არც ოცნებობენ!
10:47 PM
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის წინ: ლევერკუზენში არც ოცნებობენ!

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის წინ: ლევერკუზენში არც ოცნებობენ!

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ორი მატჩით იწყება: "ბარსელონა" "ლევერკუზენს" სტუმრობს, "ლიონი" კი აპოელ-ს უმასპინძლებს.

ლევერკუზენი-ბარსელონა 23:45
ლევერკუზენელები "ბარსელონასთან" მატჩს გაორებული გრძნობით ხვდებიან: ერთის მხრივ, კატალონიურ სუპერგრანდთან პაექრობა მათთვის დიდი პატივია, მაგრამ ამავდროულად, არა მხოლოდ ლევერკუზენში, არამედ მთელ საფეხბურთო გერმანიაში ყველა ხვდება, რომ ბუნდესლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან უშანსოდაა.

არა, მთლად ასეც არ არის, რადგან თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს და თანაც, აგერ, "ოსასუნამ" გვაჩვენა, რომ არც "ბარსაა" უძლეველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ შესაძლო წარმატების თავად ლევერკუზენელებსაც არ სჯერათ.

მატჩი მიხაელ ბალაკის გარეშე ჩაივლის, თუმცა ეს "ბაიერის" ქომაგებისთვის სულერთია, რადგან "ფარმაცევტების" მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი ბალაკს მაინც არ ათამაშებს ხოლმე. ისე, დუტი რეგულარულად იმეორებს, რომ მიხაელის დრო ისევ დადგება - ოღონდ მაშინ, როცა "ბაიერს" ბურთის "მეტი კონტროლი დასჭიდება".

მეტს ვინ ჩივის, "ლევერკუზენისთვის" დღეს ბურთის მინიმალური კონტროლიც საოცნებო იქნება, ბალაკი კი ლაზარეთშია.

"ლევერკუზენს" ძალიან უჭირს შეტევების ორგანიზება. შესაბამისად, დუტი ოცნების კოშკებს არ აშენებს და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან მატჩს რეალისტური განწყობით ხვდება:

"ცხადია, ფავორიტი "ბარსელონაა" და სასწაულია საჭირო იმისათვის, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ "ბარსასთან" ორი დუელი გველის და რომ ყველაფერი 0:0-დან იწყება.

მოკლედ, თეორიულად შანსი არ გვაქვს, მაგრამ თუ მოგვეცემა, სიამოვნებით გამოვიყენებთ, რაც უკვე მომხიბვლელი თეორიაა", - განაცხადა დუტმა 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოკლედ, დუტის სიტყვები ისე ჟღერს, რომ ლევერკუზენელებს ჩემპიონთა ლიგასთან დამშვიდობებაზე მატჩამდევე აქვთ ხელი მოწერილი.

ზოგადად, "ბაიერისთვის" ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამთავითვე შეგვიძლია იმის მტკიცება, "ლევერკუზენი" მომავალი სეზონისთვის ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს. "ფარმაცევტებს" ლიგაში გამსვლელ მეოთხე ადგილამდე ათი ქულა აშორებთ და კლუბის სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამიტომაც ამბობს, ჩვენი რეალური მიზანი ევროპა ლიგის საგზურიაო.

ეს ყველაფერი კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ლევერკუზენელთა ერთადერთი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ორი მატჩისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა, მაგრამ აბა, როგორ უნდა ისიამოვნო შენთვითონ, როცა "ბარსელონას" ეთამაშები?

* * *
ჟერარდ პიკე, რომელიც წინა კვირაში, თასის ნახევარფინალში "ვალენსიასთან" 2:0-ის შემდეგ ამბობდა, სეზონის დამთავრებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი იმისათვის, რომ "რეალს" დავეწიოთო, 13 თებერვალს ავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, კატალონიელთა მცველი უვნებელი გადარჩა - ერთი ეგაა, რომ ცოტა შეეშინდა და ნერვებიც მოეშალა იმის გამო, რომ ავტობუსმა მის მანქანას კარი წააცალა. ისე კი, პიკე გერმანიაში გაემგზავრა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია.

სხვა საქმეა ის, რომ მისი ზემოთ მოყვანილი სიტყვების შემდეგ "ბარსა" "რეალს" კიდევ სამი ქულით ჩამორჩა, რადგან კატალონიელები შაბათს "ოსასუნასთან" დამარცხდნენ (2:3), "რეალმა" კი "ლევანტეს" მოუგო (4:2) და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ, კატალონიელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ პირობა დადო, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიჭებმა ცხვირები არ ჩამოუშვან - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ოპტიმიზმიაო.

აღსანიშნავია, რომ ჩავი და ანდრეს ინიესტა "ოსასუნასთან" სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, რადგან გაყინულ მოედანზე ტრავმის მიღების ალბათობა იყო გაზრდილი. სამაგიეროდ, "ბარსას" მთავარი დირიჟორები დღევანდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

"რეალს" უკვე ძალიან ჩამოვრჩით და პრიმერადივიზიონზე სალაპარაკო ბევრი აღარაფერია. ჩვენი უმთავრესი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის თასის შენარჩუნებაა. ამ მიზნისკენ მიმავალი გზა კი 2012 წელს "ლევერკუზენთან" გასვლითი მატჩით იწყება, რომელიც უნდა მოვიგოთ," - დასძინა გვარდიოლამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

რაკი "ბარსელონამ" "ოსასუნასთან" ვერ იფრინა (ლეო მესიც ძალიან ინერტული გახლდათ), როგორც ჩანს, "ბარსას" ფანებმა ამიტომაც თქვეს უარი ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩზე დასწრებაზე - თანაც, ლევერკუზენში ხომ ძალიან ცივა. დღეს იქ თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი. მოკლედ, "ბარსას" ფანობა გერმანიაში არ მიდის. ფრენიან-ბილეთებიანად თითოეულს ეს მგზავრობა 300 ევრო დაუჯდებოდა და საბოლოოდ მხოლოდ 72-მა ფანმა მოინდომა ლევერკუზენში ჩასვლა, რაც არ იყო საკმარისი და გერმანიაში ისინიც ვერ წავიდნენ.

* * *
"ლევერკუზენი" და "ბარსელონა" დღემდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივეჯერ 2001-დან 2003 წლამდე პერიოდში, როცა "ბაიერს" საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. მაშინდელი "ლევერკუზენი" ამჟამინდელზე გაცილებით ძლიერი იყო, მაგრამ "ბარსა" იმ ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დაამარცხა (2001 წელს, 2:1), დანარჩენი სამივე შეხვედრა კი კატალონიელებმა მოიგეს (2:1, 2:1, 2:0).

მაშინდელი "ბარსადან" დღეს გვარდიოლას განკარგულებაში კარლეს პუიოლი და ჩავი არიან შემორჩენილები. "ლევერკუზენში" კი იგივე მხოლოდ ბალაკზე ითქმის, რომელიც, როგორც გითხარით, ტრავმის გამო განაცხადშიც კი არ იქნება...

სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-3-1-2): ლენო - ჩორლუკა, შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - კასტრო, რაინარტცი, როლფესი - ლ. ბენდერი - კისლინგი, შიურლე.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, მასკერანო, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, სანჩესი.

არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ლიონი-აპოელ 23:45
აპოელ-მა ამ სეზონში უკვე იმდენჯერ გაგვაოცა, რომ გამოცდილების თვალსაზრისით მიუხედავად უდიდესი განსხვავებისა, ენა ვერ მოგვიბრუნდება და ვერ ვიტყვით, რომ "ლიონი" აშკარა ფავორიტია. არადა, ფრანგული კლუბი ამ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე, სრულ მზადყოფნაში ხვდება. "ლიონის" თავკაც რემი გარდის თქმით, "კაენთან" განცდილი კრახი (1:2 სტად ჟერლანზე) მის შეგირდებზე ცუდად არ იმოქმედებს.

ზაგრების "დინამოსთან" სასწაულის (7:1) შემდეგ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს და ვალდებულია, საკუთარ მოედანზე აპოელ-ი დაამარცხოს. თავის მხრივ, კვიპროსელებსაც არ სძინავთ - მართალია, მათთვის მერვედფინალში გასვლაც უდიდესი წარმატებაა, მაგრამ ახლა მეოთხედფინალის სუნიც ეცათ და ამბობენ, "ლიონს" უდიდეს ბრძოლას გავუმართავთო.

ფრანგებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ აპოელ-მა ჯგფურ ეტაპზე დონეცკის "შახტარი", სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" და "პორტუ" დაჯაბნა და პრინციპში, "ლიონი" ამ კომპანიაზე დიდად მაღლა არ დგას.

სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეიერი, კონე, უმტიტი, სისოხო - ბრიანი, გონალონსი, კალსტრიომი, ბაშტოში - ლისანდრო ლოპესი, გომისი.
აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდისი, ჟორჟე, იაჰიჩი, ოლივეირა - მორაისი, პინტუ - ხარალამბიდისი, მარსინიო, მანდუკა - აილტონი.

არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 544 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1