მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » ბუნდესლიგის მოწინავე ოთხეული შეუჩერებელია
9:39 PM
ბუნდესლიგის მოწინავე ოთხეული შეუჩერებელია

არავითარი წაფორხილება: შაბათს, ბუნდესლიგის სამივე ლიდერმა მოიგო. დავიწყოთ "ბაიერნით", რომელიც ბურთების უკეთესი სხვაობის გამო "დორტმუნდს"და "შალკეს" მაინც სჯობს: მიუნხენში შვებით ამოისუნთქეს!

მართალია, რეკორდმაისტერმა "ვოლფსბურგთან" ვერ გაიბრწყინა (2:0), მაგრამ რაც მთავარია, ბავარიელებმა გულისყურით ითამაშეს და შედეგიც მიიღეს. ეს გამარჯვება იუპ ჰაინკესის გუნდს სამი ქულის გარდა, თავდაჯერებისთვისაც სჭირდებოდა, რადგან "გლადბახთან" 1:3-ის შემდეგ "ბაიერნში" ბევრს შეეპარა ეჭვი.

თომას მიულერმა და ტონი კროოსმა აღიარეს, რომ იმ წაგების შემდეგ მთელი გუნდი მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული და რომ ზეწოლა რეკორდმაისტერს უშუალოდ "ვოლფსბურგთან" მატჩის დროსაც დაეტყო. კროოსმა სულაც პირობა დადო, მომდევნო შეხვედრებში უფრო მოვუმატებთო. ეს აუცილებელიცაა, რადგან "ბაიერნი" აშკარად არ არის ისეთ ფორმაში, როგორზეც შეკრების შემდეგ იყო ლაპარაკი.

ანგარიში მარიო გომესმა მხოლოდ მე-60 წუთზეღა გახსნა და ეს მისი რიგით მე-17 გოლი გახლდათ ამ სეზონში. მიუხედავად ამისა, გომესი საფინალო სასტვენის შემდეგ მაინც უკმაყოფილო ჩანდა და არც დაუმალავს, მე-19 წუთზე ისეთი მომენტი ვერ გამოვიყენე, რომ კმაყოფილების მიზეზი არ მაქვსო.

ისე, მიუნხენელებმა მერეც დიდხანს ინერვიულეს, რადგან არიენ რობენმა მეორე გოლი მხოლოდ 92-ე წუთზეღა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა საკმაოდ კურიოზული გოლი გაიტანა: ფელიპე მოგერიებას ცდილობდა, ბურთი რობენს მოხვდა და ბენალიოს კარში აღმოჩნდა.

რობენმა თქვა, ცოტა არ იყოს, ზანტი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამ მხრივ აუცილებლად უნდა გამოვსწორდეთ, თუმცა "გლადბახთან" მატჩის შემდეგ პროგრესი აშკარააო. რეკორდმაისტერის თავკაცი ჰაინკესი კი რეკორდსმენი გახდა: თუ მის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერას შევაერთებთ, "დონ იუპს" ბუნდესლიგაში უკვე 456 მატჩი აქვს მოგებული.

აქამდე ეს რეკორდი ოტო რეჰაგელს (455 მოგება) ეკუთვნოდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ შეხვედრის დასაწყისში მიუნხენელები მართლაც იმდენად ზანტად თამაშობდნენ, რომ 35-ე წუთზე პუბლიკამ "ბაიერნს" სტვენა აუტეხა, რამაც ჟერომ ბოატენგი გააბრაზა - აჯობებს, რთულ მომენტში მხარი დაგვიჭირონ ხოლმე, სტვენაზე ადვილი არაფერიაო.

რაც შეეხება "ვოლფსბურგს", რომელმაც მიუნხენში 15 თამაშიდან მე-14 წააგო: "მგლებმა" რეკორდმაისტერს ზომიერი აგრესიისა და მონდომების მეტი ვერაფერი დაუპირისპირეს. შესაბამისად, იმედგაცრუებული იყო ფელიქს მაგათიც. "დესპოტი ფელიქსი" ყველაზე მეტად მარიო მანჯუკიჩის (8 გოლი მიმდინარე სეზონში) განცხადების გამო განრისხდებოდა - ხორვატმა თავდამსხმელმა გერმანელ ჟურნალისტებს კითხვაზე, უნდა თუ არა "ვოლფსბურგში" დარჩენა, არაფერი უპასუხა.

* * *
"ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდისთვის" უძლეველი მეტოქე აღარ არის - BVB "ჰოფეს" საკუთარ კედლებში ვერაფრით უგებდა, ამჯერად კი ძალიან მარტივად, 3:1 დაამარცხა.

მართალია, ანგარიში ისე აღარ ყვირის, როგორც "ჰამბურგთან" 5:1 (წინა ტურში) ყვიროდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იურგენ კლოპის ბიჭებმა ისევ ძალიან კარგად ითამაშეს და მარიო გიოტცეს არყოფნა არც ამჯერად დაეტყოთ. თავად კლოპმა კი ისევ გამოავლინა ფსიქოლოგიის ნიჭი და შეგირდების ქებით თავი არ მოუკლავს.

"იყო მომენტები, როცა ბიჭები დუნდებოდნენ და ასეთ დროს ჩვენს კართან ხიფათი იქმნებოდა. შესვენებაზეც ვთქვი, 90 პროცენტი კარგია, მაგრამ იმ 10 პროცენტის დროს "ჰოფენჰაიმი" მწარედ იკბინება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ 3:0-ს ვიგებდით, გოლი მაინც არ უნდა გაგვეშვა," - განაცხადა იურგენმა.

ჰო, დორტმუნდელებს ყველაფერი იდეალურად არ გამოსდიოდათ, მაგრამ რაც გამოსდიოდათ, ბრწყინვალე იყო! ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ბორუსია" გიოტცეს გარეშეც ახერხებს წარმატების მიღწევას - ნახევარდაცვაში კაგავას, ბლაშჩიკოვსკისა და გროსკროიტცის შემტევი ტრიო შეუდარებელი იყო. ისინი "ჰოფენჰაიმის" უკანახაზელებს მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ. გიოტცეს არყოფნაში, კაგავამ გაიხსენა "ძველი" დრო - იაპონელი ყველგან იყო და გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა, დუბლიც შეასრულა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მატჩი დორტმუნდის რიგებში ლუკას ბარიოსისთვის უკანასკნელი გახლდათ. კლოპმა ლუკასი მოედანზე 77-ე წუთზე შეუშვა და სანამ ბარიოსი ლევანდოვსკის შეცვლიდა, ჩვეულებრივზე დიდხანს ჩაიკრა გულში. ლუკასს "დორტმუნდიდან" წასვლა უნდა, სატრანსფერო ფანჯარა კი სამშაბათს იხურება. "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი ამბობს, ბარიოსის მსურველებს ჩვენთვის მისაღები პირობების შემოსათავაზებლად კიდევ ორი დღე აქვთო.

* * *
თუ "დორტმუნდი" გიოტცეს გარეშეც ახერხებს მოგებას, "შალკე" ურაულოდ იმარჯვებს! "ბაიერნს" და "ბორუსიას" შაბათს არც გელზენკირხენელები ჩამორჩნენ, "კიოლნში" მსუყე ანგარიშით (4:1) მოიგეს და მათაც 40 ქულა აქვთ. არადა, ლიდერთაგან წაფორხილებას პირველ რიგში სწორედ ჰუუბ სტევენსის გუნდს უწინასწარმეტყველებდნენ - ჯერ ერთი, "კიოლნი" საკუთარ მოედანზე ყველასათვის "კერკეტი კაკალია" და თანაც, "შალკეს" ამ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა.

1:4 "თხებისთვის" ძალიან მწარე ანგარიშია! არადა, ამ მატჩს მიხაელ შუმახერი დაესწრო, რომელიც "კიოლნის" წევრი და ქომაგია. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო: კიოლნელები ლუკას პოდოლსკის გოლით იგებდნენ და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე სჯობდნენ "შალკეს". მერე კი, ბოლო ნახევარ საათში "კაპიტან პოლდის" გემი უსწრაფესი ტემპით ჩაიძირა.

რაულის არყოფნაში, "შალკეს" გმირად რუმინელი ჩიპრიან მარიკა მოევლინა. ბევრი ფიქრობდა, რომ სტევენსი ტრავმირებული ესპანელის ადგილზე მის თანამემამულე ხურადოს ათამაშებდა, მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კლაას-იან ჰუნტელაარის უკან მარიკა გაამწესა. მატჩში გარდატეხა სწორედ ამ უკანასკნელმა შეიტანა: ჯერ იყო და, მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მერე კი, 12 წუთში დუბლი გაიფორმა და "შალკე" წინ გაიყვანა.

საფინალო სასტვენის შემდეგ რუმინელი თავდამსხმელი სტევენსის მადლიერი იყო და პირობა დადო, რომ ის და მისი თანაგუნდელები პირველი ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გელზენკირხენელებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს და ამ სეზონში ისეთ მატჩებშიც იგებენ, სადაც მთელი ერთი საათი ცუდად გამოიყურებიან, მართლაც არაა გამორიცხული, რომ ნახევარსაუკუნიანი პაუზის შემდეგ "შალკემ" მართლაც გამოჰკრას ხელი "ვერცხლის სინს".

რაც შეეხება "კიოლნს": "თხები" გასავარდნ ზონას უკვე "სათოფეზე" მიუახლოვდნენ, რის გამოც პოდოლსკის მოთმინების ფიალა აევსო - მიუხედავად იმისა, რომ მე-15 გოლი გაიტანა და თავისივე რეკორდს უფრო და უფრო აუმჯობესებს, "პრინცი" ძალიან უკმაყოფილო იყო და ისეთი რამ წამოსცდა, "კიოლნის" ქომაგებს რომ აანერვიულებს - ხომ ვამბობდი, ჩვენი საშველი არაა, "კიოლნი" განწირულია იმისათვის, რომ სულ მე-10 და მე-18 ადგილებს შორის იტრიალოსო. ეს ნამდვილად არაა იმ კაცის სიტყვები, ვისაც გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა.

* * *
სადაც, "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "შალკე" თავისას დაიკვეხნიან, იქ არც "გლადბახი" უნდა დაივიწყონ! "მეორე ბორუსიას" შეჩერება ვერც "შტუტგარტმა" შეძლო (მერე რა, რომ შვაბებს ვედად იბიშევიჩის სახით ახალი ფორვარდი ჰყავთ). თუმცა რომელ შეჩერებაზეა ლაპარაკი, "გლადბახმა" "შტუტგარტი" მისსავე "მერსედეს-ბენც-არენაზე" შეარცხვინა (0:3). ასე რომ, გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევე უკიდურესად დაძაბული რჩება, როგორც ამ ტურამდე იყო.

"ვერდერმა" და "ლევერკუზენმა" ქულები გაიყვეს (1:1) და მოწინავე ოთხეულს უფრო ჩამოშორდნენ. ახლა მეხუთე ადგილზე მყოფი ბრემენელები "გლადბახს" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიონხენგლადბახელები უკვე ძალიან ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის საგზურთან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი იდეალურ ფორმაშია, "ვერდერს" და "ლევერკუზენს" დარჩენილ 15 ტურში 8 და 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდებათ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
ჰანოვერი-ნიურნბერგი 1:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი - შმიდებახი, პინტუ (92. ჩაჰედი) - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (84. შტოპელკამპი), აბდელაუ (89. სობიეხი).
ნიურნბერგი (4-2-2-2): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - კოენი (46. პეკჰარტი), სიმონსი - დიდავი, ჰეგელერი - აიგლერი (73. ბუნიაკუ), ესვაინი (82. ფრანტცი).
გოლი: 1:0 აბდელაუ (18)
გაფრთხილება: აბდელაუ, შლაუდრაფი, პინტუ - ვოლშაიდი, აიგლერი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13(3)-10(1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 35 400

ვერდერი-ლევერკუზენი 1:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იგნიოვსკი, თრაიბული (77. ვესლი) - ექიჩი (63. ფიულკრუგი) - პისარო, როზენბერგი.
ლევერკუზენი (4-1-2-1-2): ლენო - და კოშტა (46. კოშტა), შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - რაინარტცი - კასტრო, როლფესი - ლ. ბენდერი - კისლინგი, შიურლე.
გოლები: 1:0 პისარო (29), 1:1 რაინარტცი (57)
გაფრთხილება: როზენბერგი, იგნიოვსკი, ბარგფრედე - კასტრო, კადლეცი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16(4)-13(7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 060

ჰერტა-ჰამბურგი 1:2
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, იანკერი (22. მიატოვიჩი), კობიაშვილი - ოტლი (75. რონი), ლუსტენბერგერი - ებერტი, რამოსი, თორუნი (46. ნიმაიერი) - ლასოგა.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, იაროლიმი - სალა (93. სონი), იანსენი (91. რაიკოვიჩი) - პეტრიჩი (85. კაჩარი) - გერერო.
გოლები: 0:1 იანსენი (24), 0:2 პეტრიჩი (45+1), 1:2 ლასოგა (81)
გაფრთხილება: მიატოვიჩი, ნიმაიერი, ლელი - რინკონი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 19-30; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 18(3)-13(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 49 168

აუგსბურგი-კაიზერსლაუტერნი 2:2
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, დე იონგი - ჰოსოგაი, ბრინკმანი - ბაიერი, იორლი, ვერნერნი (77. მ. ნდიენგი) - მიოლდერსი (65. ს. ჰაინი).
კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ტრაპი - დიკი, შიმუნეკი, როდნი, ბუგერა - შაჰანი, ტიფერტი, კირხი (70. პეცოსი), ფორტუნისი (85. იორგენსენი) - სვიერჩოკი (74. სუკუტა-პასუ), ვაგნერი.
გოლები: 1:0 დე იონგი (5), 1:1 დიკი (25), 1:2 დიკი (48), 2:2 ს. ჰაინი (65)
გაფრთხილება: დე იონგი, ბრინკმანი - სვიერჩოკი, ვაგნერი, ფორტუნისი, იორგენსენი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 15(5)-15(8); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 028

ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი 3:1
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (77. პერიშიჩი), კაგავა, გროსკროიტცი (85. გიუნდოგანი) - ლევანდოვსკი (77. ბარიოსი).
ჰოფენჰაიმი (4-3-2-1): შტარკე - ბეკი, ვილიამსი, ვესტერგაარდი, ბრააფჰაიდი - ვაისი, რუდი (79. მუსონა), სალიჰოვიჩი - ჯონსონი (77. მლაპა), რობერტო ფირმინიო - ბაბელი.
გოლები: 1:0 კაგავა (16), 2:0 გროსკროიტცი (31), 3:0 კაგავა (55), 3:1 ჯონსონი (63)
გაფრთხილება: ს. ბენდერი - ვაისი, ბრააფჰაიდი, ბეკი, ბაბელი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18(9)-8(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 80 500

ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, კროოსი - რობენი, თ. მიულერი (66. ლუის გუსტავო), რიბერი (89. ალაბა) - გომესი (75. ოლიჩი).
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - კრისი (41. კოო) - ჰასებე (82. პოლტერი), მ. შეფერი - ირჟაჩეკი (66. სიო) - დეჟაგა, მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 გომესი (60), 2:0 რობენი (92)
გაფრთხილება: რაფინია - რუსი, ჰასებე
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 9(7)-8(0); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 69 000

კიოლნი-შალკე 1:4
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - სერენო, მაკენა (69. ბრეჩკო), ჟერომელი, აიხნერი - რიტერი, იაიალო - კლემენსი (69. როში), პეჟკო (82. ლანიგი) - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა (46. ხურადო), პაპადოპულოსი, მეტცელდერი, ფუხსი - ჰიოგერი, მატიპი - ობასი, მარიკა (83. მორიტცი), დრაქსლერი (86. პუკი) - ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 პოდოლსკი (4), 1:1 მარიკა (60), 1:2 მარიკა (72), 1:3 ჰუნტელაარი (78-პენ), 1:4 ჰიოგერი (82)
გაძევება: ბრეჩკო (78. კიოლნი)
გაფრთხილება: ჟერომელი - უჩიდა, მატიპი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6(3)-11(6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 50 000

მაინცი-ფრაიბურგი 3:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი (78. კირხჰოფი), სოტო - მ. კალიჯური (90. ბაუმგარტლინგერი), ნ. მიულერი - სალაი (65. ილმაზი), ჩუპო-მოტინგი.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, დიანიე, ლუმბი - გინტერი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური (81. ფრაისი) - როზენტალი (76. რაიზინგერი) - იენდრიშეკი (7. ფერატი).
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (3), 2:0 პოლანსკი (6-პენ), 3:0 ჩუპო-მოტინგი (17), 3:1 კრმასი (68)
გაძევება: დიანიე (4. ფრაიბურგი)
გაფრთხილება: ნოვესკი, ბუნგერტი - გინტერი, შმიდი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 18(10)-5(1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 30 938

შტუტგარტი-ბორუსია (მ) 0:3
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - რიუდიგერი (79. ჰოლცჰაუზერი), ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი (46. ოკაზაკი) - ჰარნიკი (68. შიბერი), ჰაინალი - იბიშევიჩი, კაკაუ.
ბორუსია /მ/ (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, ვენდტი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (85. მარქსი), არანგო - როისი (89. ლეკიე), ჰანკე (53. დე კამარგო).
გოლები: 0:1 ჰანკე (31), 0:2 როისი (81), 0:3 დე კამარგო (84)
გაფრთხილება: ნორდტვეიტი (ბორუსია /მ/)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14(5)-18(8); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 53 600

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 19 13 1 5 46:13 40
2. ბორუსია (დ) 19 12 4 3 43:14 40
3. შალკე 19 13 1 5 45:24 40
4. ბორუსია (მ) 19 12 3 4 31:12 39
5. ვერდერი 19 9 4 6 31:32 31
6. ლევერკუზენი 19 8 6 5 26:25 30
7. ჰანოვერი 19 6 9 4 21:24 27
8. ჰოფენჰაიმი 19 6 5 8 20:22 23
9. ვოლფსბურგი 19 7 2 10 24:36 23
10. შტუტგარტი 19 6 4 9 24:26 22
11. ჰამბურგი 19 5 7 7 24:33 22
12. მაინცი 19 5 6 8 27:33 21
13. ნიურნბერგი 19 6 3 10 19:29 21
14. კიოლნი 19 6 3 10 28:40 21
15. ჰერტა 19 4 8 7 25:30 20
16. კაიზერსლაუტერნი 19 3 9 7 15:23 18
17. აუგსბურგი 19 3 7 9 17:31 16
18. ფრაიბურგი 19 4 4 11 23:42 16

ბომბარდირები
17 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე); 15 - პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - პისარო (ვერდერი); 12 - როისი (ბორუსია /მ/); 10 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე).

მომდევნო ტური
3 თებერვალი. ნიურნბერგი-ბორუსია (დ)
4 თებერვალი. ჰერტა-ჰანოვერი, შალკე-მაინცი, ლევერკუზენი-შტუტგარტი, ვოლფსბურგი-ბორუსია (მ), ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ბაიერნი.
5 თებერვალი. ფრაიბურგი-ვერდერი, კაიზერსლაუტერნი-კიოლნი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 536 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1