მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ბუნდესლიგა. XXII ტურის გამოხმაურება: დონ იუპის ძეგლი გაიბზარა
7:40 PM
ბუნდესლიგა. XXII ტურის გამოხმაურება: დონ იუპის ძეგლი გაიბზარა

ბუნდესლიგა. XXII ტურის გამოხმაურება: დონ იუპის ძეგლი გაიბზარა

რატომ ვეღარ თამაშობს "ბაიერნი" ისე, როგორც პირველ წრეში თამაშობდა? "ფრაიბურგთან" 0:0-ის შემდეგ ამ თემაზე დისკუსია გამძაფრდა და გერმანულმა მედიამ რეკორდმაისტერს უკვე კრიზისის იარლიყი მიაწება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების კრიტიკა და ანალიზი ზედმეტადაა ფოკუსირებული არიენ რობენზე, რომელსაც იუპ ჰაინკესი ამ ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მიუნხენელთა მთავარი პრობლემა ეს სულაც არ არის, რადგან "ბაიერნი" "ფრაიბურგს" რობენის გარეშეც იოლად უნდა უგებდეს. ასეა თუ ისე, მიუნხენში განგაშის ზარებს შემოჰკრეს.

რისი ან ვისი ბრალია ბაიერნის კრიზისი?
"ფრაიბურგთან" უგოლო ფრის შემდეგ, "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ პატივისცემას იმსახურებს. მას დიდ ეკრანზე აჩვენეს ის მომენტი, როცა "ფრაის" მცველმა ჯონათან შმიდმა არიენ რობენი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი პენალტი არ დანიშნა.

ეს სცენა "დონ იუპისთვის" შესანიშნავი ლუკმა იყო - მას შეეძლო, არბიტრი გაელანძღა და ამით გაეგრძელებინა თემა მსაჯობის შესახებ, რომელიც "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა წინა კვირაში წამოჭრეს, მაგრამ ჰაინკესი ასე არ მოიქცა. მან თქვა, წარუმატებლობის გასამართლებელი საბუთები სხვაგან არ უნდა ვეძებოთ, ეს 0:0 მხოლოდ ჩვენი ბრალია, პირველ ტაიმში საერთოდ არ ვიბრძოდითო. ბრავო!

არადა, როგორც რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმაც თქვა, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები შექმნილ ვითარებას უკვე კრიზისულს უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ ამ ტურის შემდეგ "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე 4 ქულით ჩამორჩება და თანაც, რეკორდმაისტერი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა (მეორე გლადბახია).

ამასთან, ბავარიელებმა "დორტმუნდი" უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად - ეს ნერლინგერმა და კაპიტანმა ლამმა თქვეს. ასე რომ, რობენის გარშემო ატეხილი დისკუსიის შემდეგ, მიუნხენშიც მიხვდნენ, რომ "ძაღლის თავი" სულ სხვაგანაა დამარხული. ოღონდ, ჯერ არ იციან, სად...

კითხვის ნიშანი ჰაინკესის თავზე
სეზონის დასაწყისში, გვიან შემოდგომამდე, როცა "ბაიერნი" ძალიან კარგად თამაშობდა და იგებდა, მიუნხენში ამაყად ამბობდნენ, ტაქტიკა-სტრატეგიის ფანატიკოსი ლუის ვან გაალი მოვიშორეთ, იუპ ჰაინკესის ხელში კი გუნდს მისეულმა თბილმა, ადამიანურმა მიდგომამ კლასი შემატაო. მერე იყო შვაინშტაიგერის ტრავმა, წაგება "დორტმუნდთან", წაგება "გლადბახთან" და კრიზისი.

შესაბამისად, დაიწყო დებატებიც იმის შესახებ, თუ ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი: შვაინშტაიგერის ტრავმის? რობენის ეგოისტობის?

ფაქტია, რომ "ბაიერნმა" "ფრაიბურგთან" პირველი ტაიმი რობენის გარეშე ჩაატარა და მეორე ტაიმში რეკორდმაისტერს ვერც ჰოლანდიელმა უშველა. მიუნხენელებს "ჰამბურგთან" და "გლადბახთან" ცუდად ჩატარებულ მატჩებში შვაინშტაიგერიც ჰყავდათ.

ახლა კი დაფიქრდნენ ბავარიელები: იქნებ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ თამაშობს? იქნებ, "ბაიერნს" სისტემა არ უვარგა, ან, როგორც ნერლინგერმა თქვა, "არ არის საკმარისად მოტივირებული"? როგორც იცით, "ასეთ რაღაცებზე" პასუხისმგებელი უმეტესად მწვრთნელია ხოლმე. ეს ყველაფერი ჰაინკესის კრიტიკას ჰგავს? სწორედ ასეა!

აი, დორტმუნდში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა...

დორტმუნდი კი იგებს და იგებს...
"ბორუსიაში" ნაღდად სულ ერთია, ვინ ითამაშებს - გუნდი მაინც იგებს! BVB-ს მთავარი მარგალიტი მარიო გიოტცე უკვე დიდი ხანია, ტრავმირებულია, "ჰერტასთან" შეხვედრაში კი იურგენ კლოპს შინჯი კაგავაც დააკლდა, მაგრამ დორტმუნდელებმა მაინც მოიგეს და ამჯერად კევინ გროსკროიტცმა გაიბრწყინა, რომელმაც ლევან კობიაშვილის გუნდს მაკრატელა გაუტანა.

ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ "ბორუსია" უკვე მაშინაც იგებს, როცა ცუდად თამაშობს. ისევე, როგორც "ლევერკუზენთან", დორტმუნდელებმა ბერლინშიც ვერ იფრინეს, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღეს და გროსკროიტცმა მატჩის შემდეგ მარტივად, მაგრამ მაინც შესანიშნავად თქვა: "არაა აუცილებელი, რომ ყოველთვის ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ. რაც მთავარია, მოვიგეთ!"

რისხვა მაგათს
რამდენად უსამართლო შეიძლება იყოს ცხოვრება, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფეხბურთი, ეს ფელიქს მაგათმა კვირას საკუთარ თავზე გამოსცადა.

"დესპოტმა ფელიქსმა" წინა კვირაში თქვა, თუ დღეს "შალკე" რამეს თამაშობს, ეს პირველ რიგში ჩემი დამსახურებაა, რადგან ჰუუბ სტევენსმა ჩემს მიერ აწყობილი გუნდი ჩაიბარაო. კვირას მაგათმა გელზენკირხენში "ვოლფსბურგი" ჩაიყვანა და 0:4 განადგურდა.

ნამდვილი უსამართლობა კი ის იყო, რომ "ვოლფსბურგს" ბოლო იმ ფეხბურთელებმა მოუღეს, რომლებიც "შალკეში" თავის დროზე ფელიქსმა გადაიყვანა - რაულმა და კლაას-იან ჰუნტელაარმა. და როგორი იყო "შალკეს" ფანების რეაქცია? მატჩის მიწურულს მღეროდნენ, ფელიქს მაგათი აქ აღარასოდეს დაგვანახოთო...

ტურის ამბავი: დანტე ბაიერნში მიდის
"მიუნხენერ თაგესცაითუნგი" შაბათს წერდა, "გლადბახის" დაცვის ბურჯი დანტე ზაფხულში "ბაიერნში" გადავაო. ხსენებული გამოცემის მტკიცებით, 28 წლის უკანახაზელმა რეკორდმაისტერთან ყველაფერი შეათანხმა.

მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დანტეს მიონხენგლადბახური კლუბის დატოვება 4.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია და მიუნხენური კლუბიც მზადაა, ზაფხულში ეს თანხა გადაიხადოს. ფეხბურთელის მრჩეველმა თქვა, რომ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია, "გლადბახის" მენეჯერმა მაქს ებერლმა კი ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ ბრაზილიელი მიონხენგლადბახში დარჩება. სიმართლე გითხრათ, არ გვჯერა...

დიდი დაბრუნება: რეჰაგელი ბერლინში
კვირას ბერლინში აღარავის ადარდებდა ის ფაქტი, რომ შაბათს "ჰერტამ" "დორტმუნდთან" 0:1 წააგო და ეს ამ გუნდისთვის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მარცხი გახლდათ. მიზეზი ოტო რეჰაგელია, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, ბერლინელთა ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"ორშაბათიდან "ჰერტაში" მე ვარ კანონმდებელი და ყველა მე მემორჩილება. მოვითხოვ წესრიგს და დისციპლინას. მე დემოკრატი დიქტატორი ვარ!" - თქვა 73 წლის სპეციალისტმა.

ორი აზრი არ არსებობს: "მეფე ოტო" ბუნდესლიგას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.


22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. ტიმ ვიზე ვერდერი 2
2. გონსალო კასტრო ლევერკუზენი 1
3. კრისტიან პანდერი ჰანოვერი 3
4. ოლივერ ზორგი ფრაიბურგი 1
5. ქარიმ ჰაგი ჰანოვერი 2
6. მარკო ჰიოგერი შალკე 2
7. რაული შალკე 2
8. იოჰანეს ფლუმი ფრაიბურგი 1
9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 1
10. მარკო მარინი ვერდერი 1
11. ალექსანდერ ესვაინი ნიურნბერგი 2

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი, I)

როცა კისლინგი საჯარიმოშია, მეკარეები ნერვიულობას იწყებენ ხოლმე. ხანდახან ისეც ხდება, რომ შტეფანი საკუთარ მეკარესაც ანერვიულებს.

"ლევერკუზენის" კიპერმა ბერნდ ლენომ ამას წინათ, "დორტმუნდთან" მატჩში თანაგუნდელის თავური (უნებლიე) დარტყმა მოიგერია და კისლინგი ავტოგოლთან "აუგსბურგთან" შეხვედრაშიც ახლოს იყო, როცა მიოლდერსის დარტყმას გადაეღობა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. იმის თქმა გვინდა, რომ შტეფან კისლინგი ყველგან იბრძვის - საკუთარ საჯარიმოშიც კი.

ტურის გმირი კი იმიტომ გახდა, რომ "აუგსბურგთან" ორი ეფექტური გოლი გაიტანა, მერე კი ანდრე შიურლესაც გაატანინა. ეს იყო მისი პირველი დუბლი ერთწლიანი პაუზის (2011 წლის 20 თებერვალი, 4:2 შტუტგარტთან) შემდეგ. ორი გოლი, ერთი პასი და შტეფანი ავტოგოლსაც გადაურჩა - შაბათს მისი დღე იყო.

საუკეთესო ფეხბურთელები
22 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშ. შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.40
3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.68
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.69
6. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.70
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.71
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.73
9. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.74
10. მ. ა. ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.77

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 21 18 8 26
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 22 14 8 22
3. კლაუდიო პისარო ვერდერი 19 15 7 22
4. მარიო გომესი ბაიერნი 21 18 3 21
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 18 15 5 20
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 20 13 7 20
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 21 8 10 18
8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 22 11 5 16
9. რაული შალკე 21 11 5 16
10. პატრიკ ჰერმანი ბორუსია (მ) 19 6 8 14

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 546 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1