მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » ასე არასასურველი... "ელ კლასიკო"
0:00 AM
ასე არასასურველი... "ელ კლასიკო"

კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები
დღეს
ბილბაო-მალიორკა 23:00
რეალი-ბარსელონა 01:00

ხვალ
ვალენსია-ლევანტე 00:30

ჩვენი თხოვნაა, ნუ გაიგებთ სათაურს პირდაპირი მნიშვნელობით! აბა, როგორ შეიძლება მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის (ნუ შეგვეკამათებით ტყუილად) დაპირისპირება არ იყოს სასურველი სანახავი. გამორიცხულია! მაგრამ ბოლო დროს "ბარსელონა" და "რეალი" იმდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რომ კლასიკოები (უფრო კი მათი მოლოდინი) გაუფერულდა.

თანაც, იანვარში, როცა განახლებული სეზონი ძალებს ნელნელა იკრებს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი კარსაა მომდგარი, არც ერთ გრანდს, არც "ბარსას" და არც "სამეფო კლუბს" არ სურდა ურთიერთდაპირისპირება. არ სურდა, მაგრამ "სამეფო თასის" ბრმა წილისყრის "წყალობით" მოუწია!

შარშან, 2011-ში "ელ კლასიკო" რეკორდულად ბევრჯერ გაიმართა: ორჯერ ჩემპიონატში - 16 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სტუმრებმა ლიონელ მესის გოლით გახსნეს ანგარიში, მადრიდელებმა კი კრიშტიანო რონალდოს გოლით გაათანაბრეს (ორივე პენალტი) - 1:1;
10 დეკემბერს ისევ "ბერნაბეუზე" "ბარსამ" 3:1 მოიგო (გამარჯვებულთაგან გოლები ალექსის სანჩესმა, ჩავიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს, დამარცხებულთაგან - ქარიმ ბენზემამ); "სამეფო თასის" ფინალში "რეალმა" დამატებით დროში, რონალდოს გოლით მოუგო "ბარსელონას" - 1:0; ესპანეთის სუპერთასზე მადრიდში 2:2 დასრულდა (იოზილი, ჩაბი ალონსო - ვილია, მესი), ხოლო ბარსელონაში - კატალონიელებმა 3:2 იმარჯვეს და ტიტული მოიგეს - (მესი 2, ინიესტა - რონალდო, ბენზემა); ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდში "ბარსამ" 2:0 მოიგო (მესი 2), ხოლო შინ 1:1 (პედრო-მარსელო) ითამაშა და ფინალში გავიდა.

მოკლედ, 2011 წელს 7 კლასიკო ვიხილეთ (18 დღეში 4 კლასიკო!), ვისიამოვნეთ და ბევრიც ვწერეთ. ისეთი პირი უჩანს, რომ 2012-იც ანალოგიური იქნება - კლასიკოებით დახუნძლული!

ცოტა რამ სტატისტიკიდან
* პირველი კლასიკო 1902 წლის 13 მაისს გაიმართა.
* ოფიციალურ მატჩებში სულ 216 კლასიკო გაიმართა. "რეალმა" მოიგო 86, "ბარსელონამ" - 85, ფრე - 45. ბურთების სხვაობითაც წინ "რეალია" 362:350.
* იყო კიდევ 31 ამხანაგური კლასიკო, სადაც "ბარსას" უპირატესობა აშკარაა - 18 მოგება, 9 ფრე და 4 წაგება.
* ყველაზე მეტი გოლი კლასიკოზე ალფრედო დი სტეფანომ გაიტანა - 18, მეორე ადგილზე რაულია - 15 გოლით, 14-14 გოლი აქვთ გატანილი სესარს, ხენტოს და პუშკაშს.
* ყველაზე კარგი შანსი, გახდეს კლასიკოების ყველა დროის ბომბარდირი, ლიონელ მესის აქვს, რომლის ანგარიშზე 13 გოლია.
* 33 ფეხბურთელს უთამაშია კლასიკო ორივე გუნდის შემადგენლობაში. მათგან ყველაზე გამორჩეულებს ჩამოვთვლით: სავიოლა, ეტოო, რონალდო (ბრაზილიელი), ფიგუ, ლუის ენრიკე, პროსინეჩკი, მიქაელ ლაუდრუპი, ჰაჯი, შუსტერი, ზამორა.

მოუ: ეს არ არის საზაფხულო ტურნირი, ამიტომ გავალთ და თავს დავდებთ
კოპაზე: "გუნდი, რომელიც დამარცხდება ამ დაპირისპირებაში, თებერვალში ორით ნაკლებ მატჩს ითამაშებს. მაგრამ, გარწმუნებთ, ჩვენ ძალიან გვინდა, ის ორი თამაში ჩავატაროთ. "ბარსელონას" წინააღმდეგ საუკეთესო შედეგი დაპირისპირების მოგებაა. დიდებული მატჩი გველის, ჩვენ მოსაგებად გავდივართ. ეს არ არის საზაფხულო ტურნირი, ამიტომ ჩვენ რაც კი შეგვიძლია ყველაფერს წარმოვაჩენთ. ამ სეზონში პრიორიტეტების მიხედვით კოპა მესამეა, მაგრამ ხვალინდელ მატჩს სხვა დატვირთვა აქვს".

კრიშტიანო რონალდოს ფორმაზე (მხოლოდ 1 გოლი 2012-ში): "კრიშტიანო რონალდომ ძალიან კარგად ითამაშა "მალიორკასთან". ამ წელიწად-ნახევარში მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა ჩვენთვის, მათ შორის, გადამწყვეტიც - თასის ფინალში. მეორე ტაიმში "მალიორკასთან" მან ცხოველივით იშრომა, გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯა. ვამაყობ მისით. ვუთხარი კიდეც, გოლის გატანა აუცილებელი არ არის, როცა ასე შრომობ გუნდისთვის".

ანხელ დი მარიას ტრავმაზე: "დი მარია სიაში იქნება, მაგრამ ის ჯერ სათანადოდ მზად არაა, არადა, იმედი გვქონდა. გაფართოებული სია შევკვეცე და დი მარია დავტოვე, ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია. შემადგენლობას არ დავასახელებ, რადგან ჯერ თავადაც არ ვიცი და რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი".

უსაფუძვლო კრიტიკაზე: "ვიცი, რომ როგორი შემადგენლობაც არ უნდა დავაყენო, კრიტიკა არ ამცდება - სერხიო რამოსი, რომ ფლანგზე დავაყენო, გამაკრიტიკებთ, რადგან ის ფენომენური ცენტრალური მცველია, იქ რომ ფაბიო დავაყენო, იტყვით, კოენტრაო ხომ მემარცხენეაო, ლასანა დიარა რომ ავარჩიო, მაშინ იტყვით, როცა ხედირა არა გყავს, ამის გაკეთება არ შეიძლებაო. მაგრამ ვიღაც ხომ უნდა დავაყენო მარჯვენა მცველად? პეპე დაცვაში იქნება, იტყვით - ნახევარდაცვაში უფრო მაგარიაო და პირიქით. სამი ნახევარმცველი, რომ დავაყენო, იტყვით, უნდა შეგვეტიაო, შემტევი შემადგენლობის შემთხვევაში კი არ გაგიჭირდებათ იმის თქმა, რომ საპასუხო მატჩის არსებობა დამავიწყდა. აღარაფერს ვამბობ ბენზემასა და იგუაინს შორის გასაკეთებელ არჩევანზე. ასე რომ, მირჩევნია კინოთეატრში მოსაწყენ ფილმზე წავიდე, ვიდრე თქვენს კრიტიკაზე ვიფიქრო".

ბარსაზე: "ბარსელონა" დიდი გუნდია, იმის მიუხედავად, თუ რამდენი მცველის გამოყვანას აპირებს ჩვენთან მატჩში. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამ კლუბთან, ის ისევ ისეთია, როგორც აქამდე იყო - მე მათთან პრობლემა არ მაქვს და არც მქონია. პირიქით, როგორ არის - არ ვიცი".

პეპი: ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერი შევატყე, რომ ტიტული აღარ უნდათ
"მართალია, ეს არ არის ლა ლიგის მატჩი, წინ სათასო ბრძოლა გველის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემი ფეხბურთელებისთვის არ შემიმჩნევია, რომ მათ ტიტულების მოგება არ უნდათ. სწორედ ასეთ მატჩებში უყვართ მათ თავის წარმოჩენა და თავდადებული თამაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდებული თამაში გველის, როგორც მაყურებლისთვის, ისევე ფეხბურთელებისთვის".

რა ხდება რეალის ბანაკში
გუშინ "რეალმა" გენერალური რეპეტიცია გაიარა კლასიკოს წინ. ჟოზე მოურინიოს არ ეყოლება მარჯვენა მცველი ალვარო არბელოა, რომელმაც წინა სათასო მატჩში წითელი ბარათი მიიღო. მის ნაცვლად, შესაძლოა, ფაბიო კოენტრაო ვიხილოთ, შესაძლოა - ლასანა დიარა. პეპეს საზარდული სტკიოდა, თუმცა პორტუგალიელი ალბათ მწყობრში იქნება. სამი ხედირა ტრავმირებულია. თუკი დი მარია ვერ ითამაშებს (და ალბათ ვერ ითამაშებს) ხოსე მარია კალეხონი მარჯვენა გარემარბის პოზიციას შეავსებს.
გუშინ ფეხბურთელების გასამხნევებლად ვალდებებასის ბაზაზე "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, გუტი მივიდა.

რა ხდება ბარსას ბანაკში
კატალონიელებს არ ეყოლებათ სეიდუ კეიტა, რომელიც მალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასისთვის ემზადება, რომელიც გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში 21 იანვარს იწყება. ახალგაზრდა ანდრეუ ფონტასს (მუხლი) კლასიკოზე კი არა ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ. მას შაბათს უკეთებენ ოპერაციას. ხოსეპ გვარდიოლას დააკლდებიან დიდი ხნის წინათ დამტვრეულები დავიდ ვილია და იბრაჰიმ აფელაი. ბოლო ტურში ტრავმა მიიღო პედრომ და ისიც ვერ ითამაშებს. დანი ალვეში, რომელსაც წინა ტურში სასტარტოში არ უთამაშია, აუცილებლად პირველივე წუთებიდან ითამაშებს.

მერე რა რომ კლასიკოია? პეპი არ უღალატებს ტრადიციას და კარში ხოსე პინტოს ჩააყენებს, რომელსაც სათასო ბატალიებში იყენებს.

მარკას აზრით
"მარკას" აზრით, ასეთი იქნება დღევანდელი სასტარტო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - დიარა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ფ. კოენტრაო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი.

იცით, თუ არა რომ...
* ბოლო 12 კლასიკოდან "რეალმა" მხოლოდ ერთი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.
* ბოლო კლასიკოში გავიდა ამ დაპირისპირების უსწრაფესი გოლი - ქარიმ ბენზემამ 23-ე წამზე გაიტანა.
* ლეო მესიმ 6-ჯერ ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მხოლოდ ბოლო შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.
* ლეო მესი "ბარსელონას" მაისურით მე-300 მატჩს თამაშობს.
* როცა გვარდიოლა "ბარსას" ფეხბურთელი იყო, მოურინიო მწვრთნელის ასისტენტი იყო.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 534 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1