მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » არნემის "ვიტესის" ქართველები ჰოლანდიის თასს დაემშვიდობნენ
8:46 PM
არნემის "ვიტესის" ქართველები ჰოლანდიის თასს დაემშვიდობნენ

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში "ჰერენვენს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. არადა, ქართველთა გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჩვენი თანამემამულეებიდან მხოლოდ გიორგი ჭანტურიამ ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 76-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის ტაბლოზე უკვე 1:2 ენთო. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" განაცხადშიც არ ყოფილან.

გადავინაცვლოთ ამხანაგურ მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობა ზამთრის შეკრებაზე მყოფმა ქართველებმა მიიღეს.

რუსულმა "ვოლგამ", სადაც ქართველთაგან მხოლოდ გია გრიგალავაღა დარჩა, ჩეხურ "ლიბერეცთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. ქართველი მცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

კრივოი როგის "კრივბასი" რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრა და 1:2 წააგო. უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა "კრივბასის" ძირითადში იყვნენ და ორივემ მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა. სამაგიეროდ, რუმინელებთან გაიმარჯვა მურთაზ დაუშვილმა, რომლის "კარპატიმაც" ბუქარესტის "დინამოს" 2:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმიდან გამოჩნდა.

გიორგი ფოფხაძის "შტურმი" სლოვენიურ "მარიბორთან" 2:3 დამარცხდა. ავსტრიელთა ქართველმა მცველმა მოედანზე 45 წუთი დაჰყო, იგი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 454 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1