მთავარი » 2012 » მარტი » 21 » უეფამ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება დაიწყო
11:08 PM
უეფამ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

უეფამ 21 მარტს სტამბულში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი გახსნილად გამოაცხადა.

ამის შესახებ მედიაბრიფინგზე უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინიმ განაცხადა.

"მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო - ევრო 2020-ის საგანაცხადო პროცესის დამტკიცებაა.

26 მარტს მიწვევას ყველა 53 ასოციაციას გაუგზავნიან და ტურნირის ჩატარების კრიტერიუმებსაც შეახსენებენ. ეროვნულ ასოციაციებს 2 თვე ეძლევათ, რათა დაინტერესება გამოხატონ", - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისი თქმით, თუ დაინტერესებას ერთი ასოციაცია გამოხატავს, უეფა გარანტიების შეგროვებას დაიწყებს; თუ რამდენიმე ერთად - განაცხადების მიღების პროცესი დაიწყება, რომელიც 2 წელს გაგრძელდება.

"მაშინ აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომისთვის ყველა გრაფიკი დადგინდება და 2013 წლის დასასრულს ან 2014 წლის დასაწყისში მასპინძელი ქვეყანა გაირკვევა".

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უეფა ევრო 2020-ის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადებს, ინფანტინიმ უპასუხა:

"ჩვენ ერთობლივი ტურნირების ჩატარების გამოცდილება გვაქვს - ევრო 2008 ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიმართა. ასევე ევრო 2012 პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარდება, სადაც ერთი ქვეყანა ევროკავშირს წარმოადგენს, მეორე კი არა.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველა კრიტერიუმი რეგლამენტში იქნება გაწერილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს და მინიმუმ 9 სტადიონი იქნება საჭირო, რათა ამ მასშტაბის ღონისძიება ჩატარდეს", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მიღების სურვილი უკვე გამოთქვეს თურქეთმა, ჰოლანდიამ და ბელგიამ, რუმინეთ-ბულგარეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, ბოსნია-ხორვატია-სერბეთმა და ირლანდია-შოტლანდია-უელსმა.

უეფამ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 634 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1