მთავარი » 2012 » მარტი » 22 » მიშელ პლატინი: ევრო 2020-ის მასპინძლობაზე მხარს თურქეთს ვუჭერ
8:55 PM
მიშელ პლატინი: ევრო 2020-ის მასპინძლობაზე მხარს თურქეთს ვუჭერ

მიშელ პლატინი: ევრო 2020-ის მასპინძლობაზე მხარს თურქეთს ვუჭერ

სტამბულში გამართულ უეფას კონგრესზე ასოციაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში მხარს თურქეთის კანდიდატურას დაუჭერს.

თუმცა პლატინიმ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილის არჩევამ იმოქმედოს.

"თურქეთს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე საკმაოდ კარგი განაცხადი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მისი გამართვა საფრანგეთში გადაწყდა. დარწმუნებული ვარ, ევრო 2020-ის განაცხადი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სტამბული ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების კანდიდატიცაა. ორი ასეთი შეჯიბრის ერთად მასპინძლობა კი მეტისმეტია. თუ სტამბული ოლიმპიურ თამაშებს ვერ მიიღებს, მაშინ ევრო 2020-ის მასპინძლის არჩევნებში ხმას თურქეთს მივცემ", - განაცხადა პლატინიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის პაექრობაში ჩაერთო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა UEFA-ს კონგრესის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილის გამოთქმას ახლო მომავალში საქართველო და აზერბაიჯანიც აპირებენ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 473 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1