ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა ”სან სიროზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი მილანური გრანდი წარსდგა. შეხვედრა ზედმეტად ფრთხილი და შესაბამისად, ცოტა მოსაწყენი გამოვიდა - ვისი, ან რისი ბრალია ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი შეხვედრა ნელ ტემპში წარიმართა და მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა როგორც ერთ, ისე მეორე კართან.
ერთი სიტყვით, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის მატჩმა მაინცდამაინც ვერ გაამართლა მოლოდინი, მაგრამ აი ”ინტეროს” ქომაგებს კი ნამდვილად დიდებული დღე ჰქონდათ... ”ნერაძურიმ” მინიმალური სხვაობით, დიეგო მილიტოს გოლით დაამარცხა ფავორიტად შერაცხული მეტოქე და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკუდეტო მარათონში ჩაება. დიახ, ”ინტერი’ დაბრუნდა - დაბრუნდა ყველაზე პრინციპულ მეტოქეზე გამარჯვებით...
თუ მილანურ დერბის არ ჩავთვლით, ყველაზე დიდ ინტერესს ტურინული შეხვედრა იწვევდა, სადაც ”იუვენტუსმა” ”კალიარის” უმასპინძლა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ შეგირდთა გასაგონად თქვა, მეტოქე თუ სათანადოდ არ დავაფასეთ, არაფერი გამოვაო. როგორც ჩანს, კონტეს სიტყვებმა არ გაჭრა - ტურინელები თითქოს ძალების დაზოგვით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ცხვირიც წაიმტვრიეს.
შეხვედრა მასპინძელთა მასირებული იერიშებით დაიწყო, რამაც შედეგი უკვე მე-7 წუთზე გამოიღო - მრავალსვლიანი, მეტად ეფექტური კომბინაცია მირკო ვუჩინიჩმა დააგვირგვინა და ტურინელი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა, 1:0. შესაძლოა, ამ ნაადრევმა გოლმა ცუდადაც კი იმოქმედა მასპინძლებზე, რადგან მას შემდეგ, თამაში თანდათანობით გათანაბრდა და პიემონტელთა სათამაშო უპირატესობიდან მხოლოდ ტერიტორიული დარჩა.
პირველ ტაიმში ორივე კართან რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა, აი, ანტრაქტის შემდეგ კი სტუმრებმა ორ წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - ანდრეა კოსუმ ტურინელთა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და მარხენა ფეხით უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა შეასრულა, 1:1.
გოლმა სარდინიელებს ფრთები შეასხა - ერთი ხანობა, თამაში სულაც მათი უპირატესობით მიმდინარეობდა და იყო შანსი, სტუმრები წინაც კი გასულიყვნენ. შეხვედრის ბოლო ოცი წუთი, თამაში სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა ტურინელებს მხოლოდ ორჯერ მიეცათ გატანის რეალური შესაძლებლობა - საგულისხმოა, რომ ორივე მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეიქმნა...
პირველ ეპიზოდში მარკო ბორიელომ მილოშ კრასიჩი პირისპირ შეატოვა მეტოქე კიპერს, მან კი ისე დაარტყა, რომ სატრანსფერო პერიოდში გაყიდვას ნამდვილად ვეღარ გადაურჩება; რაც შეეხება მეორე მომენტს, მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, არტურო ვიდალმა თავური დაარტყა და სულ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კუნძულელთა კარს. აი, ასე დაკარგა ქულები ”იუვენტუსმა”, სარდინიელებმა კი წინა ტურში ”ჯენოაზე” მოპოვებულ შესანიშნავ გამარჯვებას, კიდევ ერთი წარმატებული თამაში მიაყოლეს...
კიდევ რა შეიძლება ითქვას ტურინულ პაექრობაზე? - ის, რომ ”იუვენტუსის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მარკო ბორიელოს და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 10 წუთი დაჰყო მოედანზე, უფრო მეტად დაგვამახსოვრა თავი, ვიდრე ვთქვათ სიმონე პეპემ, რომელმაც ალბათ ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში.
მთლიანად, შეტევა არ უვარგოდა ტურინულ გრანდს და სწორედ ამად იყო, რომ მეორე ტაიმში მთელი თადასხმის ხაზი გამოიცვალა. ჯერჯერობით, ძალიან ძნელია კრიზისზე, ან რაიმე მსგავსზე სუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წელს ”ბიანკონერი” არადამაჯერებლად გამოიყურება - ”ლეჩესთან” გასვლითი პაექრობის შემდეგ, კონტეს შეგირდებმა კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ჩაატარეს და ამჯერად, სულაც ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგეს.
ტური სიცილიური შეხვედრით დაიწყო, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება: ”კატანიამ” საკუთარ კედლებში ”რომას” უმასპინძლა - უფრო სწორად, მასპინძლობდა, როდესაც წვიმა გაძლიერდა და მატჩის არბიტრმა შეხვედრის გადადების გადაწყვეტყილება მიიღო. არადა, თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 25 წუთი იყო დარჩენილი და ფეხბურთელებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მატჩი ბოლომდე ჩაემთავრებინათ. რეფერი გულშემატკივრებმა გამაყრუებელი სტვენით გააცილეს მინდვრიდან, მაგრამ ობიექტური გადასახედიდან, პაოლო ტალიავენტოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, რადგან ბურთი უბრალოდ აღარ დაგორავდა ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონის გაზონზე.
არადა, შეხვედრის პირველი ტაიმი მეტად სანახაობრივი გამოვიდა - გუნდებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და გოლების გარდა, მწვავე იერიშებითაც დაგვამახსოვრეს თავი. ანგარიში ტაიმის შუაწელს ნიკოლა ლეგროტალიემ გახსნა და დააწინაურა მასპინძლები, თუმცა მალევე, დანიელე დე როსიმ წონასწორობის აღდგენა შეძლო. მეორე ტაიმის და ძლიერი წვიმის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ - მატჩი შეწყდა, დარჩენილ 25 წუთს და გუნდები სხვა, ჯერჯერობით დაუდგენელ დროს ითამაშებენ.
მეორე რომაულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ”ატალანტა” მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ედუარდო რეია დაპირდა გულშემატკივრებს, რომ ”სიენასთან” შერცხვენის შემდეგ, გუნდში ბევრ რამეს შეცვლიდა - ვერ გეტყვით, რომ ”ლაციომ” იფრინა, მაგრამ მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველი გოლი ერნანესმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა, მეორე კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიროსლავ კლოზემ ჩაიწერა აქტივში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს რომაელებს ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაუშავდათ, რომელთა შორის ერთი გოლის ავტორი ერნანესი გახლდათ, მეორე კი მცველი ანდრე დიასი. მიუხედავად ორი იძულებითი ცვლილებისა ჯერ კიდევ ანტრაქტამდე, ედი რეიას თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცევია და ”ლაციომ” მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გენუაში გაიმართა, სადაც ”ჯენოამ” ”უდინეზეს” უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს მარცხი აგება. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ”უდინეზე” მორიგი შეხვედრას მოიგებდა, ”ჯენოა” კი შესაბამისად, მორიგ შეხვედრას წააგებდა. ასე არ მოხდა - შესვენების შემდეგ, გენუელებში რაღაცამ გაიღვიძა, სულ სხვაგვარად ათამაშდნენ და სამირ ჰანდანოვიჩს სამი გოლი გაუტანეს.
შედეგიანი იერიშების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ალბერტო ჯილარდინოს ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი არ გაუტანია. სამაგიუეროდ, შეხვეედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ანტონიო დი ნატალემ იხეირა და გოლების რაოდენობა 13-მდე გაზარდა. საბოლოოდ, 3:2 გენუელთა სასარგებლოდ.
გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაც - მაგალითად, ”ჩეზენამ” ”ნოვარას” როგორც ასეთ დროს ამბობენ, 6-ქულიან პაექრობაში სძლია... ბენეფისი ჰქონდა ადრიან მუტუს, რომელმაც ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. საბოლოოდ, 3:1 მასპინძელთა სასარგებლოდ...
ანალოგიური ანგარიში გაიმარჯვა ”პარმამ”, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დონადონის დებიუტი ჰქონდა. დონი იქადნებოდა, ’სიენას” შავ დღეს დავაყრითო და შეასრულა კიდეც სიტყვა. ახალმა მწვრთნელმა ემილიური გუნდი 3-4-3 ტაქტიკით განალაგა, შეტევის წინა ხაზზე კი ერთბაშად ვიხილეთ სერჯო ფლოკარი, ჯონათან ბიაბიანი და სებასტიან ჯოვინკო. ნოვაციამ გაჭრა და ”პარმამ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ტოსკანელები იმით თუ დაიმშვიდებენ თავს, რომ პაოლო გროსის მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში 2:1 გახდა, მე-60 000 (!) გამოდგა სერია A-ს ისტორიაში... აქვე ვთქვათ, რომ ამ ფორმატით იტალიის ჩემპიონატი 1929 წლიდან ტარდება.
იტალია. სერია A. XVIII ტური კატანია-რომა 1:1-ზე შეწყდა (ძლიერი წვიმა) კატანია (4-3-3): კამპანიოლო - ალვარესი, პოტენცა, ლეგროტალიე, სპოლი - ისკო, ლოდი, ალმირონი - გომესი, ბარიენტოსი, ბერგესიო. რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, როზი, კიაერი - სიმპილისიო, დე როსი (55. გაგო), პიანიჩი - ტოტი (59. ბორინი), ლამელა, ბოიანი. გოლები: 1:0 ლეგროტალიე (24), 1:1 დე როსი (28). გაფრთხილება: პოტენცა, სპოლი, ალმირონი - სიმპილისიო, დე როსი. კუთხური: 2-2; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(3)-3(2); ბურთის ფლობა: 31%-69%. მაყურებელი: 11 000